სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი, სოფო სოლოღაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ მწვანე ბარათების“ მოთხოვნის გაუქმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბიზნესისთვის ამას დიდი ეფექტი არ ექნება.
მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება გაზრდის დარბაზში ე.წ. ანტივაქსერების რაოდენობას და შეამცირებს მათ რაოდენობას, ვინც თავიდანვე მომხრე იყო, სპორტულ დარბაზებში მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ მქონე მომხმარებელი ყოფილიყო.
„არ მომწონს „მწვანე ბარათების“ მოთხოვნის გაუქმების გადაწყვეტილება, ძლივს დაინერგა, ძლივს შევეჩვიეთ, თუმცა, რაც ვიზამთ, სახელმწიფოს გადაწყვეტილებას დავემორჩლებით,“ – აცხადებს სოლოღაშვილი.
რაც შეეხება ბიზნესისთვის მიმართვას, გამოიყენონ „მწვანე პასპორტები“, ამას სოლოღაშვილი არ ეთანხმება, მსგავსი რამ ხალხში გაღიზიანებას გამოიწვევს.
„სექტორში გვქონდა კონსულტაციები და არავინ გეგმავს დარბაზში მომხმარებელს „მწვანე პასპორტი“ მოსთხოვონ. ჩვენ უმცირესობაში აღმოვჩნდებით, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს 4 ფილიალი, ბიზნესისთვის ეს დამაზარალებელი იქნება. 1 ფილიალი, რომ მქონდეს, არც დავფიქრდებოდით,“ – აცხადებს სოლოღაშვილი.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭომ “მწვანე ბარათის” გაუქმებაზე გადაწყვეტილება მიიღო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კი ბიზნესს “მწვანე ბარათის” გამოყენების რეკომენდაციას აძლევს.