ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ბავშვთა ონკოლოგიაში არსებულ პრობლემებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა და იაშვილის კლინიკის ბავშვთა ონკოლოგიურ განყოფილებაში არსებული ვითარება ნეგატიურად შეაფასა. მართალია, მინისტრს კონკრეტული კლინიკა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ საუბრობს კერძო კლინიკაზე, რომელსაც ბავშვთა ონკოლოგიაში ექსკლუზივი აქვს. ასეთი კი სწორედ იაშვილის კლინიკაა, სადაც, როგორც ცნობილია, სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება და კლინიკა სრულყოფილ ფუნქციონირებას უახლოეს დღეებში აღადგენს.
მინისტრმა თქვა, რომ კლინიკაში არის პრობლემები როგორც მკურნალობის, ისე კომუნიკაციის კუთხით. კონკრეტული კლინიკის მაგალითი ჯანდაცვის მინისტრმა გადაცემის წამყვანის კითხვაზე პასუხისას მოიყვანა. შეკითხვა ბავშვთა სახელმწიფო ონკოლოგიური კლინიკის შექმნის თემას ეხებოდა, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა.
„ბავშვებთან დაკავშირებით ძალიან ხშირი იყო შემთხვევები და ძალიან ბევრი პრეტენზიაა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი გადაცემა იყო. დღესაც, ხვალაც შეხვედრებია მშობლებთან, რომლებიც უკმაყოფილოები არიან იმ მდგომარეობით, რაც ხდება ამასთან დაკავშირებით კლინიკაში როგორც მკურნალობის, ისე კომუნიკაციის ნაწილში. სამწუხაროდ, კომუნიკაციის ნაწილშიც სერიოზული პრობლემებია. აქედან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც ვფიქრობ სწორი და სამართლიანია და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ეს დაკავშირებულია ონკოლოგიური პაციენტი ბავშვების სახელმწიფო კლინიკის შექმნასთან, ასევე მოზრდილებისთვისაც. ჩვენ გვქონდა ისტორიული ონკოლოგიური კლინიკა ლისზე, ასევე სხვადასხვა კლინიკაში გვქონდა ეს სერვისი და დღეს, სამწუხაროდ, არსად არ გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით. ერთერთ კერძო კლინიკას აქვს ამის ექსკლუზივი და სამწუხაროდ იქ მიღებული მომსახურებით და ხარისხით ძალიან დიდი უკმაყოფილება მოდის ჩვენთან. აქედან გამომდინარეა ამის საჭიროება და უკვე ვართ იმ ეტაპზე, როცა ვარჩევთ კომპანიას, რომელიც გაგვიკეთებს კონცეფციას, თუ რა არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი. მათ შეფასების დონეზე მოკლე ვიზიტი ჰქონდათ და უკვე ნახეს ქვეყანაში რა შესაძლებლობები გვაქვს როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე აღჭურვილობის კუთხით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია იქ დასაქმებული ექიმების და ექთნების ხელმისაწვდომობა და აქ – მომზადება. სამწუხაროდ, ეს სამივე კომპონენტი თითქმის ნულიდან გვაქვს ასაწყობი და გასაკეთებელი, თუმცა ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, შესაძლებელია არსებობდეს კერძო ალტერნატივაც, მაგრამ აუცილებელია, რომ სახელმწიფო ამ ნაწილში აუცილებლად იყოს ჩართული და ის რამდენიმე ათეულობით მილიონი ლარი, რაც ყოველწლიურად კონკრეტულად ბავშვთა ონკოლოიგიაზე იხარჯება ჩვენი ბიუჯეტიდან, პირველ რიგში ქვეყანაში დარჩეს და ეს დარგი განვითარდეს. სამწუხაროდ, ქვეყნის გარეთ ძალიან ბევრი რეფერალი გვაქვს,“ – განაცხადა მინისტრმა.