მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვართ“ –  ქვეყანაში აცრების ტემპები მკვეთრად დაეცა

„ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვართ“ –  ქვეყანაში აცრების ტემპები მკვეთრად დაეცა

გუშინ საქართველოში აცრების დღიური რაოდენობა მკვეთრად დაეცა – ერთ დღეში აიცრა 7720 ადამიანი, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ერთერთი დაბალი მაჩვენებელია.

იმუნიზაციის პროცესის შენელებას ეპიდემიოლოგები საფრთხის შემცველად მიიჩნევენ და ამ პრობლემას ახლა ქვეყნის მთავარ გამოწვევად ასახელებენ.

თუ ქვეყანაში აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი 20 ათასზე ქვემოთ იქნება, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანამ პანდემიის მართვა ვერ მოახერხა. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ქვეყანა სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას: თუ აგვისტოში აცრების საშუალო დღიური მაჩვენებელი 23-24 ათასი იყო და ასევე მაღალი მაჩვენებელი გვქონდა სექტემბრის პირველ კვირაში, ბოლო კვირის განმავლობაში ამ კუთხით ქვეყანამ უკან დაიხია.

„ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვართ ყველა ჩვენგანი და ეს არ არის მხოლოდ ციფრი: 20 ათასი ვაქცინირებული ეს არის გზა, რაზეც ქვეყნის გადარჩენა გადის, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თუ ვერ მოვახერხეთ ამ სამიზნის მიღწევა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ ვერ მოახერხა პანდემიის კონტროლი, ვერ მოახერხა მოსახლეობაში იმუნური ფენის შექმნა და ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას ინფიცირების და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის ფონზე,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ  ქვეყანას აქვს საშუალება ყოველდღიურად 40 ათასი ადამიანი აცრას, თუმცა მოთხოვნა ამ რიცხვს ჩამოუვარდება.

გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებს სურდათ, სექტემბერში ქვეყანა მილიონ აცრაზე გასულიყო, თუმცა ვაქცინაციის არსებული ტემპებით ეს რაოდენობა მიღწეული ვერ იქნება და აგვისტოს მსგავსად, სექტემბერშიც 720 ათას აცრილზე გავალთ.

ამირან გამყრელიძის თქმით, აგვისტოში დღიურად აცრილთა საშუალო რაოდენობა 23278 იყო, სექტემბერში 25659, ხოლო ბოლო ერთი კვირაა კლების ტენდენციაა და ეს მაჩვენებელი 23388-ს შეადგენს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას სურდა, სექტემბერ–ოქტომბერში ქვეყანა დღეში 30-35 ათას აცრაზე გასულიყო, რის შედეგადაც წლის ბოლომდე მოსახლეობის 80% იქნებოდა აცრილი, თუმცა 23 ათასი აცრის შენარჩუნების შემთხვევაში წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრის მიზანს მივაღწევთ.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …