მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „DRG-ის მოდელი, რომელიც საქართველოში ინერგება, არ ასტიმულირებს მაღალტექნოლიგიურ მინიინვაზიურ ჩარევებს“

„DRG-ის მოდელი, რომელიც საქართველოში ინერგება, არ ასტიმულირებს მაღალტექნოლიგიურ მინიინვაზიურ ჩარევებს“

DRG-ს ამოქმედება სწორი, თუმცა დაგვიანებული გადაწყვეტილებაა – ასე აფასებს რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის ანაზღაურების ახალი სისტემის ამოქმედებას.

„დიდი შეცდომა იყო საყოველთაო ჯანდაცვის დიარჯის გარეშე დაწყება. სახელმწიფოსა და ჰოსპიტლებს შორის ანაზღაურების ეს წესი უნდა შემოსულიყო საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებისთანავე, რაც მრავალ ასეულ მილიონ ლარს დაზოგავდა. ბევრად უფრო ეფექტიანი იქნებოდა პაციენტების მართვა. შესაბამისად დიარჯი არის სწორი გადაწყვეტილება, ოღონდ – ძალიან, ძალიან დაგვიანებული. მეორე – დიარჯის თავისი ბუნებით აქვს გარკვეული რისკები პაციენტებთან მიმართებაში, თუმცა სწორი მართვის პირობებში ამ რისკების უპირატესობად გამოყენებაც შესაძლებელია. მაგალითად პირველადი ჯანდაცვის სტიმულაცია, არასაჭირო საწოლდღეების შემცირება ჰოსპიტლებში და ა.შ. მესამე, რაც ყველაზე პრობლემური ჩანს ამ ეტაპზე, არის იმპლემენტაციის არცთუ გამართული პროცესი. სამწუხაროდ, ჰოსპიტლები და სამედიცინო პერსონალი არ არის იმგვარად მომზადებული, რომ პრობლემების გარეშე მოახერხოს მისი დანერგვა. კარგია, რომ ორი თვეა სატესტო ვადა, თუმცა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ერთიდან ორ წლამდეა აუცილებელი დრო დიარჯის ეფექტური დანერგვისთვის. თუ ყველა რისკი სწორად  შეფასდება და მართვა კარგი იქნება, რა თქმა უნდა, დიარჯი წინგადადგმული ნაბიჯია მთლიანად ჯანდაცვის სისტემისთვის,“ – განაცხადა კალოიანმა.

ამასთან, მისი თქმით, DRG-ის ის მოდელი, რომელიც საქართველოში ინერგება, არ ასტიმულირებს მაღალტექნოლიგიურ მინიინვაზიურ ჩარევებს, რის გამოც არის საფრთხე, ამ ტექნოლოგიური ჩარევების მიმართულებით განვითარება იყოს შენელებული ან მთლიანად გაქრეს გარკვეული ინტერვენციები, რაც პაციენტებს დააზარალებს.

კალოიანის შეფასებით, ამ დრომდე ანაზღაურების ისეთი სისტემა მოქმედებდა, რომელიც ასტიმულირებდა მეტ ჩარევას, მეტ ჰოსპიტალიზაციასს და მეტ დიაგნოზს. დიარჯი კი, რეანიმატოლოგის შეფასებით, ამ ყველაფერს კეტავს და თანხა ბევრად ეფექტიანად გამოიყენება პაციენტის სასარგებლოდ.

„მნიშვნელოვანია არა ექიმთა დევნა, არამედ სწორი სტიმულების შექმნა,“ – დასძინა კალოიანმა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები ანაზღაურების ახალ, DRG-სისტემაზე 1 ნოემბრიდან გადავიდნენ. DRG-მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.

მთავარი პოზიტიური შედეგი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ამ სისტემის ამოქმედების შემდეგ ელოდება, პაციენტის მიერ დამატებითი თანხის გადახდის პრაქტიკის აღმოფხვრაა. მაგალითად, კლინიკა პაციენტს ისეთი სერვისებისთვის, როგორიცაა ვიპ-პალატა, აყვანილი ექიმი, გარკვეული სახარჯი მასალა და ა.შ. – დამატებით თანხას ვეღარ მოსთხოვს. ხოლო თუ  პაციენტს ამ სერვისების მიღება სურს, მას შეუძლია, ერთჯერადად გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომელსაც ამ სერვისის მიღებისთანავე დაუბრუნდება. სანქციები ორი თვის განმავლობაში არ იმოქმედებს, რათა სისტემა დაიტესტოს. პირველი იანვრიდან კი, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დარღვევებზე სანქციები ამოქმედდება, რაც შესაძლოა კლინიკის „საყოველთაო ჯანდაცვის“ სისტემიდან გათიშვაშიც კი გამოიხატოს.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …