24 – 30 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონული ბიურო ევროპის იმუნიზაციის კვირეულს აღნიშნავს. საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის (EIW) 2022 წლის თემაა „დიდხანს სიცოცხლე ყველას“. აღნიშნული მიზნად ისახავს ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის გაზრდას და ყველასათვის ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფას.
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოხდება იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის, მედიის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტების, პოლიტიკოსების და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვირეულთან დაკავშირებით აღნიშნავს:
„ორ საუკუნეზე მეტია რაც ვაქცინების მეშვეობით დედამიწა უფრო უსაფრთხო ადგილი გახდა – ყვავილის საწინააღმდეგოდ შექმნილი პირველი ვაქცინიდან მოყოლებული, COVID-19-ის მძიმე შემთხვევების თავიდან ასაცილებელი უახლესი მ-რნმ ვაქცინების ჩათვლით. ვაქცინები გვიცავს როგორც ინდივიდუალურად, ასევეა როგორც გლობალური საზოგადოების წევრებს, ერთმანეთის დაცვაშიც გვეხმარება.
წელს ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში ევროპაში მოღვაწე პარტნიორები
ისაუბრებენ ვაქცინების მნიშვნელობაზე ყველა ასაკის და ეთნიკური კუთვნილების ადამიანის დაცვაზე ვაქცინით მართვადი დაავადებებისგან და გაიხსენებენ ვაქცინების ისტორიულ როლს. მიღწევები ბევრია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი ვაქცინების მეშვეობით დაავადებათა კონტროლის მიმართულებით პროგრესი კიდევ უფრო დაჩქარებულია.
2022 წელი გარდამტეხი მნიშვნელობისაა, რადგან ბევრი გამოწვევა გამოვლინდა. COVID-19-ის პანდემიის პირობებში რიგ ევროპულ ქვეყანაში მოხდა ვაქცინაციის პოლიტიზება და იკლო
ბავშვთა რუტინული ვაქცინაციის მაჩვენებლებმა. უკრაინაში შეფერხდა იმუნიზაციის სერვისები. აუცილებელია, რომ ლტოლვილ ბავშვებს ყველგან ჰქონდეთ წვდომა მათი ასაკისთვის შესაბამის ვაქცინებზე. ეს გამოწვევები კიდევ უფრო აძლიერებს ვაქცინებისადმი უნივერსალური ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას. ევროპის იმუნიზაციის კვირეულის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იმუშავებს მის წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან, რათა უფრო გაზარდოს ცნობიერება ვაქცინების სარგებელზე და აცრების მაჩვენებლების შემცირებით გამოწვეულ რისკებზე.
იმუნიზაციის პროგრამა საქართველოში
იმუნიზაციის სახელწიფო პროგრამას საფუძველი ჩაეყარა 1996 წელს; პროგრამის მიზანია, გლობალური და რეგიონალური მიზნების შესაბამისად, მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების გზით აცრებით მოცვის სათანადო მაჩვენებლის მიღწევა ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინით მართვადი ინფექციებისაგან დასაცავად.
რუტინული ვაქცინაციის სქემა დამოკიდებულია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ და პროგრამულ თავისებურებებზე; ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაცია რეგულირდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად.
0-18 წლის ასაკის მოსახლეობის ვაქცინაციას სახელმწიფო უზრუნველყოფს 13 ინფექციის – ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, B ჰეპატიტის, როტავირუსული ინფექციის, ადამიანის პაპილომავირუსის, პნევმოკოკური ინფექციის და ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b საწინააღმდეგო ვაქცინაციას 9 ვაქცინის საშუალებით: BCG, HepB, DPT-Hib-HepB, IPV, DPaT/IPV, Td, MMR, Rota, PCV, HPV და გამოიყენება WHO-ს,EMA-ს, FDA -ს მიერ რეკომენდებული და აღიარებული ვაქცინები, რაც მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხოების გარანტია; პროგამული ვაქცინები უფასოა მომხმარებლისთვის – ვაქცინის ღირებულებას სრულად ფარავს სახელწიფო იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში. ამავე პრინციპების დაცვით სახელმწიფო ქვეყნის მოსახელობას უზრუნველყოფს გრიპის, ანტირაბიული, ყვითელი ცხელებისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით, ზოგიერთი დაავადების/მდგომარეობის საპროფილაქტიკო ან სამკურნალო ბიოაქტიური პრეპარატებით.“
იმუნიზაციის პროგრამის მიღწევები:
- 2002- საქართველო სერთიფიცირებული იქნა როგორც ველური პოლიომიელიტის ვირუსისაგან თავისუფალი ტერიტორია ბოლო 10 წლის განმავლობაში იმუნიზაციის კალენდარში დაინერგა 5 ახალი ვაქცინა და ეროვნული კალენდარი თითქმის სრულად მიუახლოვდა განვითარებული ქვეყნების აცრების კალენდარს;
- იმუნიზაციის სახელწიფო პროგრამის ბიუჯეტი მდგრადი და მზარდია, პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ;
- ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს დაფინანსებით მნიშვნელოვნად განახლდა და გაუმჯობესდა ქვეყნის ცივი ჯაჭვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
- 2002 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უნივერსალური კალენდარი – წლამდე ასაკის ბავშვთა ოთხჯერადი ვაქცინაცია, ორსულთა სკრინინგი HBsAg-ზე და დადებითი შედეგის შემთხვევაში, ახალშობილთა აცრები HepB მონო ვაქცინით და იმუნოგლობულინით;
- 2013 წლიდან სახელწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია წინასწარ შერჩეულ რისკ-ჯგუფებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად;
- რუტინულ ვაქცინაციასთან ერთად, იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში ასევე ხორციელდება დიფთერიის, ბოტულიზმის, ცოფის, ტეტანუსის, ყვითელი ცხელების, გველის ნაკბენის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- 2019 წელს ქვეყანაში ამოქმედდა პროფესიული ჯგუფის სავალდებულო ვაქცინაციის კალენდარი.
- 2020 წელს საქართველო წითურას ვირუსისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა;
- 2021 წლიდან ხორციელდება ქრონიკული დაავადების მქონე 65 წლის და უფროსი ასაკის პირებისა და ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ბენეფიციარების პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;
- საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დახმარებით 10-12 წლის 32 000-მა გოგონამ ჩაიტარა აპვ-ს ვაქცინაცია.
- 2022 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინიის ჩატარება 13 – 18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფებში.