ჩინეთმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ით გარდაცვალებისა და მძიმე მიმდინარეობის შემთხვევები 90%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ინფექციების რიცხვმა პიკს მიაღწია. ამიტომ გამოჩნდა იმ მასობრივი აფეთქების დასასრულის ნიშნები, რომელიც პეკინის პოლიტიკას მოჰყვა. საუბარია „ნულოვანი“ პოლიტიკის შემდეგ რეგულაციების მოხსნაზე, რომელმაც ქვეყანაში კორონავირუსის უპრეცედენტო აფეთქება გამოიწვია.
scmp.com-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ჩინეთის დაავადებათა პროფილაქტიკის ცენტრი აცხადებს, რომ ორშაბათს კორონავირუსთან დაკავშირებული გარდაცვალების 434 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 89,8%-ით ნაკლებია 4 იანვრის პიკთან შედარებით, როცა ერთ დღეში 4273 ლეტალური ფაქტი აღირიცხა.
20 იანვრიდან 26 იანვრამდე პერიოდში ჩინეთში კოვიდ-19-ით გარდაცვალების 6364 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ორჯერ ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინფექციის ბოლო ტალღა მკვეთრად მცირდება.
რაც შეეხება მძიმე შემთხვევებს, ეს სტატისტიკაც იკლებს: 30 იანვარს აღნიშნული მონაცემი 14 000 იყო, რაც 89,3%-ით ნაკლებია 5 იანვრის პიკურ მაჩვენებელთან (128 000 შემთხვევა) შედარებით.
გასული წლის დეკემბრის შემდეგ ჩინეთმა უარი თქვა მასობრივ ტესტირებაზე და კოვიდ-19-ით ინფიცირებულების სტატისტიკის ყოველდღიურ გამოქვეყნებაზე.
8 დეკემბრიდან 12 იანვრის პერიოდში ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ დააფიქსირა თითქმის 60 ათასი ლეტალური შემთხვევა, რომელიც კოვიდ-19-ს უკავშირდება.