მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „დიარჯის“ ტარიფებით უკმაყოფილო კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის დატოვება არ სურთ
Processed with VSCO with a5 preset

„დიარჯის“ ტარიფებით უკმაყოფილო კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის დატოვება არ სურთ

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის დაფინანსების ახალი, „დიარჯი“ სისტემის ამოქმედების შემდეგ კლინიკებისა და ექიმების ნაწილმა დაწესებული ტარიფებით უკმაყოფილება გამოთქვა. ერთერთი მთავარი პრეტენზია სახარჯი მასალებისთვის (მაგალითად, სტენტი, სხვადასხვა სახის იმპლანტები ტრავმატოლოგიური ოპერაციებისთვის) გამოყოფილი თანხის სიმცირეს ეხებოდა. კეთდებოდა პროგნოზები, რომ ამის შედეგი კლინიკების მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლა იქნებოდა. “დიარჯის” ამოქმედების პირველივე დღეებში რამდენიმე ქირურგმა განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული თანხა ხარისხიანი სახარჯი მასალის შეძენისა და, შესაბამისად, ხარისხიანი ოპერაციის ჩატარების საშუალებას არ იძლეოდა.

ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში, გადაცემა „ბიზნეს პოსტში“. გადაცემის ერთერთმა წამყვანმა, ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა აღნიშნა, რომ კლინიკები, რომლებსაც აქვთ პრეტენზიები პრემიუმ-სერვისზე, ბევრ ქვეყანაშია, თუმცა მათ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა, როგორც წესი, არ სურთ. საქართველოში კი  ხდება ისე, რომ ერთის მხრივ კლინიკების ნაწილს არ აკმაყოფილებს საყოველთაო ჯანდაცვისა და „დიარჯი“ პროგრამით შეთავაზებული ტარიფები და სახარჯი მასალებისთვის გამოყოფილი თანხები, თუმცა, მეორეს მხრივ, პროტესტის ნიშნად არ გადიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან.

ბაირახტარის კითხვაზე, რა ფენომენია როდესაც კლინიკები ერთის მხრივ პრემიუმ-სეგმენტის სახარჯ მასალაზე აპელირებენ და მეორეს მხრივ, არ სურთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დატოვება, ილია ღუდუშაურმა განაცხადა, რომ თავდაპირველი პროგნოზები, რომ კლინიკები დატოვებდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, არ გამართლდა. მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ ორმა კლინიკამ, ისიც არასრულად დატოვა.

„სავარაუდოდ, იმიტომ არ ტოვებენ, რომ ამ ბაზრის დიდი ნაწილი ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდება. ზუსტად იმიტომ, რომ ქვეყანაში პრემიუმ-სეგმენტი არ მოგვეკლა და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, უკეთესი ხარისხის სერვისი მიიღონ, ჰქონოდათ ეს არჩევანი, დავტოვეთ შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ პაციენტს ჰქონდეს არჩევანი,  თუ აქვს საშუალება, დაიფინანსოს პრემიუმ-სერვისი ერთჯერადად და  შემდეგ ისევ დბრუნდეს საყოველთაო ჯანდაცვაში. არა ისე, როგორც ადრე იყო, როცა საყოველთაოს ერთი წლის განმავლობაში ეთიშებოდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესაა სამართლიანი თამაშის წესები.

რომელ სახარჯ მასალასაც სთავაზობენ პაციენტს, შესაძლოა ის მართლა უკეთესია. აქ პრობლემა ისაა, რომ საყოველთაოში ჩართულ პაციენტს ეუბნებიან, რომ ერთი სერვისი არის უხარისხო და მეორე სერვისი არის კარგი. უნდა მისცენ არჩევანის თავისუფლება და უთხრან, რომ საყოველთაო ჯანდაცვით დაფინანსებული კარგია, მაგრამ უკეთესის ვარიანტიც არსებობს,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ „დიარჯი“ სისტემა გასული წლის ნოემბრიდან შევიდა ძალაში. მიმდინარე წლის იანვრიდან კი, როცა სატესტო რეჟიმის ორთვიანი ვადა ამოიწურა, დარღვევებზე სანქციები ამოქმედდა.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …