მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „დიარჯის“ ამოქმედების პროცესი შეჩერდა – მინისტრი მიზეზად კლინიკების მიმართვას ასახელებს

„დიარჯის“ ამოქმედების პროცესი შეჩერდა – მინისტრი მიზეზად კლინიკების მიმართვას ასახელებს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების დაფინანსების ახალი, „დიარჯი“ სისტემის ამოქმედება გადაიდო. მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროსადმი კლინიკების ასოციაციის მიმართვაა, რომელშიც სექტორი აღნიშნული რეფორმის გადავადებას ითხოვს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ახალი სისტემის დაანონსების პერიოდში სექტორი მის სასწრაფოდ ამოქმედებას ითხოვდა, ახლა კი, როდესაც მისი ამოქმედება 3 ოქტომბრიდან იგეგმებოდა, სამინისტროსი შევიდა წერილი სისტემის გადავადების თხოვნით. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ გადავადება დიდი ხნით ვერ მოხდება.

„როცა ჯერ კიდევ თვეების წინ ვმუშაობდით ამ პროექტზე და ვაანონსებდით, რომ სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში მზად ვიქნებოდით მის გასაშვებად, მაშინ ზუსტად მახსოვს, 100 კლინიკის აცოციაციის მომართვა იყო და გვთხოვდნენ, შევხვედროდით და სასწრაფოდ დაგვენერგა ეს სისტემა. დღეს გვაქვს მოცემულობა, როცა მიმდინარე თვეში, 3 ოქტომბრიდან ვუშვებდით ამ სისტემას და ზუსტად იგივე ასოციაციისგან მოგვივიდა წერილი, რომელიც გვეუბნება, რომ იქნებ გადავავადოთ სისტემის გაშვება, როცა ჩვენ ყველანაირად მზადყოფნაში ვართ და შეგვიძლია მისი ამოქმედება იმ ვადებში, რაც დაპირებული გვქონდა სექტორისთვის. ახლა ისევ დავუბრუნდით განხილვის ეტაპს და უკვე ჩვენს გუნდში ვიხილავთ, რამდენად საჭიროა ან რამდენი ხნით შეიძლება გადავუწიოთ ვადები. მათი მოტივაცია გადავადების ისაა, რომ თავიანთი შიდა სისტემები აქვთ გადასაწყობი. იანვარში,  როცა მოვედი ამ თანამდებობაზე, მალევე დავიწყეთ ამაზე საუბარი და მაშინვე შეეძლოთ მათ ამაზე დაეწყოთ ფიქრი, თუმცა თუ სისტემების გადაწყობის საჭიროება აქვთ, პარალელურად შეგვეძლო დაგვეწყო და გაგვეშვა დიარჯი და არ შეგვეფერხებინა პროექტი, რადგან რამდენიმე თვე ისედაც საპილოტე რეჟიმში იქნებოდა და თუ რამე ხარვეზი იქნებოდა, ამას პარალელურად გამოვასწორებდით. მაგრამ იმ წერილის საფუძველზე, რომელიც შემოვიდა სამინისტროში, ჩვენ შევაჩერეთ პროცესი და ახლა ვიხილავთ, თუ რა პერიოდით შეგვიძლია გადავადება. ძალიან  დიდი ვადით გამორიცხულია და ამას არ დავთანხმდებით,  რადგან ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ახალი სისტემით ყველა კლინიკას ისეთ სატარიფო სისტემას ვთავაზობდით და ისეთ საბაზისო ტარიფს განვუსაზღვრავდით, რომ პაციენტს სამწუხაროდ დღეს თუ უწევს თანხის დამატება სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე – და წესით არ უნდა უწევდეს – იმ შეთანხმების მიხედვით ისეთი ტარიფები განისაზღვრებოდა, რომ პაციენტს არანაირი დამატების საჭიროება არ უნდა ჰქონდეს.  რაც უფრო იქით გადავწევთ ამ სისტემის გაშვების თარიღს, ეს ისევ პაციენტებს ეხება და მათ კმაყოფილებაზე ექნება გავლენა. ამიტომ ვჩქარობთ, რაც შეიძლება სწრაფად გავუშვათ და ის თავდაჯერებულობა და მზადყოფნა, რაც გვაქვს, ამისთვის სრულიად საკმარისია. იცით, რომ უცხოელი პარტნიორები, ექსპერტებიც გვყავს ჩართული, ვისაც სხვა ქვეყნებში აქვს ამ სისტემის დანერგვის გამოცდილება  და ზუსტად იმ ქვეყნების მოდელს ვნერგავთ. შესაბამისად,  ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა შესაძლოა რამდენიმე დღე და შეიძლება რამდენიმე კვირა გადავხედოთ და გავითვალისწინოთ მათი პოზიციებიც, მაგრამ ამ  სისტემის ამოქმედებას დროში ძალიან დიდხანს ვერ გადავიტანთ,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …