მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » “დიარჯის“ ამოქმედებამდე ტარიფების ინდექსაცია არ იქნება – სამინისტრო პოზიციას იცვლის

“დიარჯის“ ამოქმედებამდე ტარიფების ინდექსაცია არ იქნება – სამინისტრო პოზიციას იცვლის

“დიარჯის“ ამოქმედებამდე ტარიფების ინდექსაცია არ იქნება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა და ეს იმით დაასაბუთა, რომ გაურკვეველია, საიდან უნდა ამოვიდნენ ინდექსაციის პროცესში.

„არ ვიცით საიდან ამოვიდეთ, ინფლაციას მივებათ – არ მივებათ, რომელიღაც ნოზოლოგიებზე მივებათ…  ითხოვენ მაგალითად რეანიმაციას მივებათ. რატომ რეანიმაციას და არა სხვა ოპერაციას?“ – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, 2030 წლის სამოქმედო გეგმაში ისედაც მკაფიოდ გაწერილია,  ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით ქვეყანა რა ეტაპზე უნდა იყოს. მისი განცხადებით,  2030 წელს უნდა ავიდეთ 90-95%-იან დაფარვაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მზად იქნება, დაეხმაროს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, თუ მას სამედიცინო დახმარება დასჭირდება. დღეს კი ეს მაჩვენებელი 70%-ის ფარგლებშია.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვაქვს მზაობა, დავუფინანსოთ მოსახლეობას ეს სამედიცინო სერვისები, სამედიცინო სერვისები იყოს რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის და ხარისხის, რათა დარწმუნებულები  ვიყოთ, რომ მოქალაქეებს მკურნალობენ შესაბამის გარემოში, შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები და გამოყენებულია შესბამისი მედიკამენტები,“ – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, აპრილიდან „დიარჯი“ პროგრამა უკვე გაშვებულია საპოლოტე რეჟიმში, სექტემბერ-ოქტომბერში იგეგმება, რომ ეს მექანიზმი  კლინიკებზე გავრცელდეს, წლის ბოლოდან კი ყველა კლინიკაზე გავრცელდება.

„ეს, ჩვენი აზრით, ჩამოაყალიბებს იმ ადეკვატურ და სამართლიან ტარიფს, რომელსაც სახელმწიფო გადაიხდის ამა თუ იმ სამედიცინო სერვისში,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა,  გული წყდება, რომ კლინიკების მხრიდან აპელირება მხოლოდ ფინანსურ ნაწილზე ხდება.

„ჩვენ მხოლოდ ფინანსურ მხარეს არ ვჯერდებით და მნიშნელოვანია ხარისხი იყოს ადეკვატური და არაფინანსური ნაწილიც იყოს მოწესრიგებული.  იყოს დაკმაყოფილებული სტანდარტები, რომელსაც  კლინიკებს ეტაპობრივად მოვთხოვთ.

რამდენიმე თვის პროეცესია, რასაც გეგმის მიხედვბით მივყვებით და უნდა დაველოდოთ ამ პროცესს და არა ის, რომ რაღაც ტარიფი შემოვიღოთ და „დიარჯი“ რომ შემოვა, იმან შეიძლება გვიჩვენოს, რომ ეს ტარიფი შესამცირებელია. ეს არასერიოზული გამოვა ჩვენი მხრიდან,“ – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ: 2019 წელს მიღებულმა, 520-ე დადგენილებამ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის კარდიოქირურგიასა და რეანიმაციაზე საერთო ტარიფები განსაზღვრა, რომელთა გაზრდის უფლება სამედიცინო დაწესებულებებს აღარ აქვთ. ცვლილების მიზეზად პაციენტზე ზრუნვა, კერძოდ, ჯიბიდან გადახდების შემცირება და, შედეგად,  ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა დასახელდა. თუმცა კლინიკებმა მაშინვე განაცხადეს, რომ შემცირებული ტარიფებით ოპერირება გაუჭირდებოდათ და ეს მომსახურების ხარისხსაც გააუარესებდა. იგივე და უფრო მწვავე პოზიცია აქვთ მათ დღეს – მათი განცხადებით, რეანიმაციისა და კარდიოლოგიის სფეროს განვითარება პრაქტიკულად შეჩერებულია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა კერძო კლინიკების პრეტენზიების პასუხად განაცხადა, რომ ივლისისთვის შემუშავებული იქნება რეანიმაციის ახალი სტანდარტები და რომელი სამედიცინო დაწესებულებაც დააკმაყოფილებს მათ, ის მიიღებს განახლებულ, ინდექსირებულ ტარიფებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

თუმცა დღეს ზურაბ აზარაშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ „დიარჯიმდე“ ინდექსაცია არ იქნება და ამ კუთხით გამონაკლისიც არ დაუსახელებია.

როგორც ჩანს, სამინისტრომ პოზიცია შეცვალა და დიარჯიზე გადასვლამდე ინდექსაციას არც რეანიმაციულ სერვისებზე გეგმავს. არადა კლინიკები უკვე მიმდინარე თვეში ელოდებოდნენ რეანიმაციის ახალი სტანდარტის წარდგენას სამინისტროს მხრიდან.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …