მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » “დიაგნოსტიკის მიზნით უფასო ტესტირება გაგრძელდება” – პაატა იმნაძის განმარტება ფასიანი ტესტირების შემოღების შესახებ

“დიაგნოსტიკის მიზნით უფასო ტესტირება გაგრძელდება” – პაატა იმნაძის განმარტება ფასიანი ტესტირების შემოღების შესახებ

უფასო ტესტირება დიაგნოსტიკის მიზნით გაგრძელდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ მოქალაქეთა ნაწილის შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა. მოქალაქეები ინტერესდებიან, თუკი სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისთვის აუცილებელი იქნება ტესტები და მათ  სახელმწიფო აღარ დააფინანსებს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ უფასო ტესტირება საერთოდ აღარ ჩატარდება.

პაატა იმნაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ფასიან ტესტებზე, რომელიც, შესაბამისი რეგულაციის დამტკიცების შემთხვევაში, მოქალაქეს მოეთხოვება  მაგალითად რესტორანში შესასვლელად.

„მოვაჭრეები პერიოდულად უნდა გაიტესტონ, რათა უსაფრთხოები იყვნენ სხვებისთვის. მაგრამ თუ ორჯერ აცრილი იქნება, სახელმწიფოს ხარჯზე რეგულარული ტესტირება შეწყდება და თუ აცრილი არ იქნება, გაგრძელდება, თუმცა თავისი ხარჯით,“ – განმარტა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გუშინ განაცხადა, რომ კორონავირუსზე პისიარ და ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარება შესაძლოა, უფასო აღარ იყოს.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოზე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დააყენა ინიციატივა, გარკვეულ დაწესებულებებში შესვლა ვაქცინაციის ან ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში იყოს შესაძლებელი.

„დაავადებათა კონტრო​ლის ცენტრმა დავაყენეთ ჩვენი წინადადება. ეს ახალი ველოსიპედი არ არის. იცით, ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს უკვე ამას, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისას, როგორიც გახლავთ სამასპინძლო დაწესებულებები, კაფე, რესტორნები, სილამაზის სალონები, ჯიმები, სავარჯიშო დარბაზები და ა.შ. რომ იქ დაშვებული იქნენ. დასავლეთის ქვეყნებში, სადაც აცრის მოცვის მაჩვენებელი დიდია, ისინი უშვებენ სრულად აცრილებს, მაგრამ სანამ ჩვენთან არ ავცილდებით 10 პროცენტს, დღეს შვიდ პროცენტზე ვართ დაახლოებით მოსახლეობის მოცვით. სანამ არ ავცილდებით 10 პროცენტს, მანამდე ჯერჯერობით დავუშვებთ, ერთხელ აცრილი ადამიანიც დაშვებული იქნას ასეთ დახურულ შენობაში, ყოველგვარი სხვა დამატებითი ღონისძიების გარეშე, ან თუ ის აცრილი არ არის, მას ბოლო 72 საათში უნდა ჰქონდეს გაკეთებული და უარყოფითი პისიარტესტი უნდა ჰქონდეს, ან ბოლო 24 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტი. ეს საკითხი დავაყენეთ ჩვენ. ალბათ საბჭო კიდევ იმსჯელებს. ჩვენი წინადადება იყო, რომ ხალხი მოემზადოს. ხაზი მინდა, გავუსვა, ეს 24-საათიანი და 72-საათიანი პისიარი ან ანტიგენი აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ ისინი უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში წასვლა, გვინდა ამ დაწესებულებებში სტუმრობა, მაშინ კეთილი ინებეთ და უკვე თქვენი ხარჯით ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …