დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვაუჩერული სერვისით სარგებლობა, უკვე ქუთაისის ორ კლინიკაშია შესაძლებელი. ამ დრომდე, აღნიშნული სერვისები ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ თბილისის 3 დაწესებულებაში, რის გამოც
დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს, სამედიცინო სერვისების მისაღებად დედაქალაქში ჩასვლა უწევდათ.
ცვლილების შედეგად, პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა, თბილისის გარდა, შესაძლებელია იმერეთის რეგიონის ორ დაწესებულებაში:
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. (ქ.ქუთაისი, ჯავახიშვილის N 83ა) და ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი (ქ. ქუთაისი ტ.ტაბიძის 23).
ვაუჩერის კომპონენტი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულიმ ბავშვებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას:
• საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა:
• გლუკომეტრი;
• სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები და სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსები;
• შარდში კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირები;
• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა;
• გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით;
• დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი;
• პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება;
• ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;
• სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.