მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » “დედები რომ აცრილიყვნენ, ბავშვებს ანტისხეულები ექნებოდათ” – ციციშვილის რეანიმაციაში ყველა ადგილი დაკავებულია

“დედები რომ აცრილიყვნენ, ბავშვებს ანტისხეულები ექნებოდათ” – ციციშვილის რეანიმაციაში ყველა ადგილი დაკავებულია

ციციშვილის კლინიკაში მოხვედრილი კოვიდინფიცირებული არცერთი ბავშვის მშობელი სრულად ვაქცინირებული არ ყოფილა, ერთი დოზით აცრილი მშობლების რაოდენობა კი ჰოსპიტალიზებული ბავშვების მშობლების 1%-საც კი არ შეადგენს. ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, სამ კვირამდე ასაკის ერთერთი ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია და აპარატულ სუნთქვაზე იმყოფება. რეხვიაშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში კიდევ უფრო, ერთ წლამდე შემცირდა იმ კოვიდინფიცირებული ბავშვების ასაკი, რომლებიც მათ კლინიკაში ხვდებიან.   ამას რეხვიაშვილი იმით ხსნის, რომ ამ ასაკის ბავშვების მშობლებს უფრო მეტად ეშინიათ კოვიდის გართულების, ამასთან, წლამდე ასაკის ბავშვები ავადობის დროს ჭამაზე უარს ამბობენ, რის გამოც მათი მშობლები საავადმყოფოებს უფრო ხშირად მიმართავენ. დავით რეხვიაშვილის თქმით, პაციენტთა დიდი უმრავლესობის დედები უკვე მშობიარობის დროს იყვნენ ინფიცირებულები და ბავშვების ინფიცირების წყაროც საყოფაცხოვრებო გარემოა. მედიკოსის თქმით, კლინიკის პირობებში დაინფიცირების შემთხვევები თითქმის არ დაფიქსირებულა.

 

„დედები რომ აცრილები ყოფილიყვნენ, გარდა იმისა, რომ მათგან შვილების დაინფიცირების რისკები შემცირდებოდა, ბავშვებს დედისგან ასევე გადაეცემოდათ ანტისხეულები. თუმცა, სამწუხაროდ, ორსულობის პერიოდში ქალები აცრის გაკეთებისგან თავს ისევ იკავებენ.  ჩვენ ჰოსპიტალში მოთავსებული ბავშვების მშობლებს შორის აცრილთა რაოდენობა ძალიან დაბალია, 1%-ზე ბევრად ქვემოთ და ისიც მხოლოდ ერთხელ აცრილები. როდესაც ვინტერესდებით, რატომ არ აიცრნენ, მათ მკაფიო პასუხი არ აქვთ,“ – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე რეანიმაციის 25-ვე ადგილი დაკავებულია, თუმცა 4 გამოჯანმრთელებული ბავშვის გაწერა იგეგმება. მისი თქმით, ყველაზე მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მათთან კოვიდის დადასტურებული ინფექციით მოუთავსებიათ, 4 დღის იყო. პატარა უკვე გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …