გარკვეულ დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის პერიოდულ ტესტირებას სახელმწიფო 2022 წლის პირველ მარტამდე დააფინანსებს. საუბარია სავაჭრო ცენტრებში, ბაზრებსა და ბაზრობებში, ასევე საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში, რესტორნებსა და სასტუმროებში მომუშავე პირებზე, სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებზე.
მანამდე ამ ვადად იანვარი იყო განსაზღვრული, თუმცა საქართველოს მთავრობამ ეს ვადა 1 თებერვლამდე, ახლა კი უკვე 1 მარტამდე გადასწია. შესაბამისი ცვლილებები მთავრობის №975 განკარგულებაში უკვე შევიდა.
სავაჭრო ცენტრებში (ე. წ. მოლები) მომუშავე პირების შემთხვევაში: 30 და მეტი მომუშავე ადამიანის შემთხვევაში ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% იტესტება უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პისიარ-მეთოდით.
რაც შეეხება ბაზრებში და ბაზრობებზე (გარდა აგრარული) მომუშავე პირებს – 30 და მეტი მომუშავე პირის შემთხვევაში – ყოველ 14 დღეში ერთხელ იტესტება 20% უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პისიარ მეთოდით.
საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომუშავე პირების შემთხვევაში კი (გარდა სასურსათო მაღაზიების, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციის, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ობიექტებისა) – 30 და მეტი მომუშავე პირის შემთხვევაში – ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% იტესტება უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პისიარ მეთოდით.
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში მომუშავე პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა მაქსიმალური (100%) მოცვით, მაგრამ არანაკლებ 20%-ისა (ტესტირების 20% უნდა ჩატარდეს პჯრ მეთოდით, ხოლო დარჩენილი 80% – ანტიგენის სწრაფი ტესტით).
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე: ა) სრულად (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით) ვაქცინირებული პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ პჯრ მეთოდით; ბ) არასრულად ვაქცინირებული (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 1 დოზით) და/ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით.