„დაგვანებეთ თავი ექიმებს, დაგვასვენეთ ცოტა ხანი და აიცერით!“ – ასე მიმართა მოსახლეობას საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკურმა დირექტორმა გრიგოლ ხურციძემ.
მისი თქმით, დღეს ჰოსპიტალური სექტორი მისი შესაძლებლობების 140%-ს აკეთებს და მედპერსონალი უკიდურესად გადაღლილია. ამ მდგომარეობის თავიდან აცილება კი ვაქცინაციითაა შესაძლებელი. ხურციძე ამბობს, რომ თუ ახლა ათ პაციენტს ერთი ექთანი უვლის, ვაქცინაციის შემთხვევაში ერთ პაციენტზე ერთი მომვლელი იქნებოდა და მოვლის ხარისხიც გაუმჯობესდებოდა. ის საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას ლომბარდიის მაგალითს ადარებს, როდესაც პაციენტები სათანადოდ მიხედვის არარსებობის გამო კვდებოდნენ, რადგან ჯანდაცვის მენეჯმენტში ჩავარდნა იყო, დროულად არ მოდიოდა ლაბორატორიული ანალიზების შედეგები, არ იყო საკმარისი წამალი და ა.შ.
„როგორც ექიმი, ვიტყვი, რომ ვაქცინაციას სოციალური სოლიდარობის ფუნქცია აქვს. დაგვანებეთ თავი ექიმებს, დაგვასვენეთ ცოტა ხანი! აიცერით! გვაცალეთ, მივხედოთ სხვა პაციენტს, რომელსაც ეს მართლაც სჭირდება. თქვენ თუ გაქვთ არჩევანის თავისუფლება, აიცრებით თუ არა – ნება თქვენია, მაგრამ ეს თქვენი არჩევანი სხვისი ჯანმრთელობის ფასად რატომ უნდა დაჯდეს? მაშინ ჩაიცვით, დაიხურეთ და მოდით, დაგვეხმარეთ რეანიმაციაში,“ – განაცხადა გრიგოლ ხურციძემ.
მან განსაკუთრებული აქცენტი ორსულების მდგომარეობაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ქსელის კლინიკების რეანიმაციაში ამ ეტაპზე 2 ორსული იბრძვის სიცოცხლისთვის.
„შეიძლება ისინი გამოვიყვანოთ კოვიდის ფაზიდან, მაგრამ ამ საწყალ გოგოებს ემუქრებათ კოლტი ფილტვში, ტვინში და ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა გართულებები. როცა ამ პატარა ბავშვებს უყურებ, ვერაფერს აკეთებ და მეორეს მხრივ იცი – აცრილები რომ ყოფილიყვნენ ეს გოგონები, 99,99%-ით არ მოხვდებოდნენ რეანიმაციაში, გინდა-არ გინდა, ემოციური ხდები. ერთი იარაღი, რაც გვაქვს, არის აცრა. რეანიმაციაში მყოფი პაციენტების 99,99% არის აუცრელი, ესაა ქვაზე გამოხატული ჭეშმარიტება!“ – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკურმა დირექტორმა გრიგოლ ხურციძემ.