მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » დადებითობის მაჩვენებელი 1%-ზე დაბალია, თუმცა ამირან გამყრელიძე პანდემიის დასასრულს ვერ ხედავს

დადებითობის მაჩვენებელი 1%-ზე დაბალია, თუმცა ამირან გამყრელიძე პანდემიის დასასრულს ვერ ხედავს

საქართველოში კოვიდ 19-ის გავრცელების ტემპები სულ უფრო მცირდება, დადებითობის მაჩვენებელი კი 1%-ზე დაბალია.

კერძოდ, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 24 593 ტესტი ჩატარდა, საიდანაც დადებითი პასუხი 148 მოქალაქეს (0,6%) მიუვიდა. დღიურად აიცრა 1 124 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 296 ადამიანი იმყოფება.

გასულ დღე-ღამეში ინფექციას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

ვითარების დასტაბილურების მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პანდემიის დასრულებისკენ არ მივდივართ.

„მივდივართ თუ არა პანდემიის დასრულებისკენ, ჩემი პასუხია ერთმნიშვნელოვნად „არა“, არც დასრულებულა და ჯერჯერობით არ ჩანს თუ როდის დასრულდება. უნდა გავითავისოთ, რომ პანდემიის დასასრულის გზა იმუნიზაციაზე გადის. თუ აცრილი იქნება მოსახლეობის 70%, მხედველობაში მაქვს მთელი მსოფლიოს მოსახლეობა, მაშინ ამ ვირუსს ე.წ. მოდების წერტილი აღარ ექნება და პანდემია გადავა ენდემურ რეჟიმში. ამიტომ, ძალიან გვინდა და მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე, ცივი პერიოდი სანამ დადგება, აიცრან. აცრაც და ვირუსის გადატანაც მუდმივ იმუნიტეტს არ ტოვებს, ეს გრძელდება 6-8 თვე, ამიტომ საჭიროა გაძლიერება, რასაც „ბუსტერს“ ვეძახით. მსოფლიო მეცნიერება მსჯელობს იმაზე, რომ დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ წელს პანდემია დასრულებულად უნდა გამოაცხადოს, შეიძლება რესპირაციულ და გრიპოზულ ინფექციად გადაიქცეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ინფექცია გადატანილი ჰქონდეს, ან იყოს აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა ისიც, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, 50 წლის ზემოთ მოსახლეობაში ე.წ. მეორე ბუსტერის გაკეთება დაიწყება.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …