12 მაისი ექთნის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს კლინიკები სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ექთნებისთვის ღონისძიებების მოწყობით აღნიშნავენ. თუმცა, ეს სფერო ჯანდაცვის სისტემის ერთერთ ყველაზე სუსტ რგოლად მიიჩნევა დაბალი ანაზღაურებისა და კადრების დეფიციტის გამო.
2023 წლის იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. რეფორმის მიზანი სამედიცინო პერსონალისთვის ღირსეული სამუშაო პირობებისა და შესაბამის ანაზღაურების უზრუნველყოფაა.
რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკის ხელმძღვანელობა, ვალდებულია ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს შეეხო.
დარგში არსებული პრობლემების გამოსწორების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებია დაგეგმილი: საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიის თანახმად, რომელიც 2019 წელს დამტკიცდა და 2025 წლამდე პერიოდს მოიცავს, უკვე ინიცირებულია კანონი საექთნო საქმიანობის შესახებ.
“ექთანთა გაერთიანების” პრეზიდენტის ია გელენიძის განცხადებით,
ქვეყანას ჰყავს 22 ათასი ექიმი, რაც არის იმ რაოდენობის მესამედი, რაც ქვეყანას სჭირდება.
მისივე თქმით, საექთნო პროფესია ამ დრომდე საკანონმდებლო დონეზე არ რეგულირდება.