დაავადებების პრევენცია უფრო ეფექტიანია მკურნალობის შედეგების და ფინანსების დაზოგვის მხრივ. ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილ რეფორმას ეკონომისტი და ბიზნესმენი, ზაზა სიორიძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყებაა.
მიუხედავად ამისა, რეფორმები საჭიროა, მიმდინარეობს კიდეც და ეს უდავოდ კარგია,-მიაჩნია სიორიძეს.
მისი აზრით, ევროპული და დასავლური წამყვანი ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მედიკამენტების ბიზნესის რეგულირება ძალიან მაღალ დონეზეა.
რაც ემყარება ასევე მაღალ დონეზე შემქნილ კანონმდებლობას. “მედიკამენტების ბიზნესი არ უნდა იყოს თავის ნებაზე მიშვებული სფერო, მას სჭირდება რეგულირება, რადგან ადამიანების სიცოცხლე ხშირად სწორედ ხარისხიან და ხელმისაწვდომ პრეპარატებზეა დამოკიდებული.
პირადად ჩემთვის, ამ სფეროს მხოლოდ ბიზნესად გადაქცევა მიუღებელია. თუ სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების ნება არ იქნება, მხოლოდ ბიზნესი არ შეცვლის თამაშის წესებს. რეგულირება არ ნიშნავს ჩარევასა და მართვას.
ეს ნიშნავს სწორი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, რომელიც მოაწესრიგებს ამ სფეროს”,-აცხადებს სიორიძე.
რაც შეეხება ოჯახის ექიმის ინსტიტუტის და ზოგადად, პირველადი რგოლის გაძლიერებას, ბიზნესმენის აზრით, ეს სწორი მიდგომაა.
“ეს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში გამოცდილი პრაქტიკაა მედიცინაში. ოჯახის ექიმი ერთ-ერთი წამყვანი რგოლია ჯანდაცვის სისტემისათვის. ბენეფიციარების უშუალოდ სტაციონერებში ხშირი მოხვედრა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის უგულებელყოფა, ვფიქრობ, არ არის სწორი.
პრევენცია, ანუ დაავადებების ადრეული გამოვლენა და დასაწყისშივე მართვა უფრო ეფექტიანია მკურნალობის შედეგის მხრივ და, რა თქმა უნდა, ფინანსების დაზოგვის მხრივაც.
ეს კი, საერთო ჯამში, სახელმწიფოს ბიუჯეტზე აისახება, რადგან კარგად მოგეხსენებათ, თუნდაც მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე რა მოცულობის თანხები იხარჯება ყოველწლიურად,-აცხადებს სიორიძე.
“მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ წამოიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ეს აუცილებელი გამოსავალი იყო და სწორადაც მოიქცა. თუმცა ვფიქრობ, რომ თანდათან სახელმწიფო პროგრამა უნდა ჩანაცვლდეს კერძო დაზღვევით.
ბიუჯეტის ხარჯზე ხანგრძლივად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამ მასშტაბით შენარჩუნება გამართლებული არ და ვერ იქნება”,-განაცხადა ზაზა სიორიძემ.
პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა ჯანდაცვის სამინისტრომ ახალ პრიორიტეტად გამოაცხადა. რეფორმის ფარგლებში, პირველადი რგოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მედიკოსების ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა და ექიმების გადამზადება იგეგმება.
ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი რგოლის რეფორმაში, კონსულტაციებს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “გლობალ ალიანსი” გაუწევს.