დაავადებათა კონტროლის ევროპულმა ცენტრმა (ECDC) და ევროპის წამლების სააგენტომ EMA-ს COVID-19 სამუშაო ჯგუფმა (ETF) დაასკვნეს, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია mRNA COVID-19 ვაქცინების მეოთხე დოზის (Pfizer’s Commirnaty და Moderna’s Spikevax) გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება საერთო მოსახლოებისათვის, თუმცა, ორივე სააგენტო შეთანხმდა, რომ მეოთხე დოზა (ან მეორე გამაძლიერებელი) შეიძლება მიეცეს 80 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებს ამ ასაკობრივ ჯგუფში მძიმე COVID-19-ის მაღალი რისკისა და მეოთხე დოზის დაცვის შესახებ მონაცემების განხილვის შემდეგ.
ამის შესახებ ნორვრგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.
„ECDC-მ და EMA-მ ასევე აღნიშნეს, რომ ამჟამად ევროკავშირში არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ მძიმე დაავადებისგან ვაქცინით შექმნილი იმუნური დაცვა მნიშვნელოვნად მცირდება 60-დან 79 წლამდე ასაკის ნორმალური იმუნური სისტემის მქონე მოზრდილებში და, შესაბამისად, არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება მეოთხე დოზის დაუყოვნებელი გამოყენების მხარდასაჭერად.
ხელისუფლება გააგრძელებს მონაცემების მონიტორინგს, რათა დადგინდეს, არის თუ არა მძიმე ავადმყოფობის მზარდი რისკი მათ შორის, ვინც სამჯერადად ვაქცინირებულია.
სააგენტოებმა ასევე აღნიშნეს, რომ თუ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეიცვლება და ახალი სიგნალები გამოჩნდება, შესაძლოა საჭირო გახდეს ამ ასაკობრივ ჯგუფში (60-79) მეოთხე დოზის გათვალისწინება. იმავდროულად, ეროვნული ხელისუფლება ასევე განიხილავს ადგილობრივ მონაცემებს, რათა გადაწყვიტოს გამოიყენონ თუ არა მეოთხე დოზა მაღალი რისკის მქონე ადამიანებში.
რაც შეეხება ნორმალური იმუნური სისტემის მქონე 60 წლამდე ასაკის მოზრდილებს, ამჟამად არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ მძიმე დაავადებისგან ვაქცინის სამი დოზით გამოწვეული დაცვა მცირდება და/ან რომ ამ ეტაპზე მეოთხე დოზას დამატებითი ღირებულება აქვს,“ – წერს ზაზა წერეთელი.