Covid-19-ის პანდემიური სიტუაციის გამო საქართველოში 2020 წელს იმუნიზაციის სამიზნე, 95%-იანი მოცვის მაჩვენებლები მიღწეულ ვერ იქნა. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ცნობაში „ჯანმრთელობის დაცვა – საქართველო.“
კერძოდ, კვლევის თანახმად, ზოგიერთი ვაქცინით მოცვის მაჩვენებელი 60-70 პროცენტი იყო. მაგალითად, MMR2 (წითელა, ბაყურა, წითურა) აცრა სამიზნე მოსახლეობის მხოლოდ 77.5%-მა გაიკეთა, Td (ტეტანუსი-დიფტერია) 64.7%-მა.
გაეროს ბავშვთა ფონდის შეფასებით, პანდემიის გამო გეგმიური იმუნიზაციის პროცესი არ უნდა შეფერხდეს.
“მართალია, COVID-19 იწვევს ჩვენი ცხოვრების რეჟიმისა და რიტმის ცვლილებას შეეცადეთ, რომ ბავშვს გაუკეთოთ აცრები იმ დაწესებულებაში, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია. მნიშვნელოვანია ბავშვებისა და ჩვილების აცრების გრაფიკის დაცვა, ვინაიდან იმუნიზაცია ბავშვებს იცავს მძიმე დაავადებებისაგან. ეს ნიშნავს, რომ როდესაც თქვენს შვილს შეეძლება სხვა ბავშვებთან ურთიერთობის განახლება, იგი იქნება დაცული სხვა დაავადებებისგანაც,”- ასეთია იუნისეფის პოზიცია.