მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ციციშვილის კლინიკის ინფორმაციით, კოვიდ-ინფიცირებული ბავშვების მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია

ციციშვილის კლინიკის ინფორმაციით, კოვიდ-ინფიცირებული ბავშვების მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკაში ამ ეტაპზე 88 კოვიდინფიცირებული ბავშვი და მათი 60-მდე მშობელი მკურნალობს. რეანიმაციულ განყოფილებაში 23 პაციენტია მოთავსებული, თუმცა არცერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში არაა და ხელოვნური სუნთქვის აპარატი არ ესაჭიროება – ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელობა აცხადებს.

როგორც დაწესებულების სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ამბობს, ჩვილი, რომელიც თითქმის 3 კვირის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის რეჟიმზე იმყოფებოდა, აპარატიდან მოხსნილია და სხვადასხვა სახის მკურნალობა ესაჭიროება. დანარჩენ პაციენტებს კი თანხმლები, მათ შორის სისხლის, ონკოლოგიური და სხვა დაავადებები აღენიშნებათ. თუმცა მძიმე მდგომარეობა არცერთ მათგანს არ აქვს.

მაია ჩხაიძის განცხადებით, ინფიცირების მიზეზი ოჯახური კონტაქტებია და ბავშვებთან ინფექცია მშობლებმა მიიტანეს.

მისი თქმით, რადგან დელტა შტამი 75%-ით უფრო გადამდებია, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა ნახევარს სწორედ ეს ვირუსი აქვს და ჰოსპიტალიზაციის მატება, მათ შორის ბავშვებში, ამ ფაქტორს უკავშირდება.

კითხვაზე, იმ პირობებში, როდესაც 16 წლამდე ბავშვების აცრა საქართველოში დაშვებული არ არის, როგორ უნდა დავიცვათ მცირეწლოვნები ინფიცირებისგან, მაია ჩხაიძე ამბობს, რომ ორსულების აცრის შესახებ მტკიცებულებით მედიცინას ჯერ ოფიციალური დასკვნა არ აქვს, თუმცა, აშშ-სა და ევროპაში არსებული პრაქტიკით, სურვილის შემთხვევაში, ორსულს ვაქცინაციის ჩატარება შეუძლია. ჩხაიძე ამბობს, რომ ორსულების მხრიდან კოვიდვაქცინაზე მოთხოვნა ძირითადად მესამე ტრიმესტრშია.

რაც შეეხება მეძუძურ დედებს, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, ევროპის ბევრ ქვეყანაში უკვე დაიდო პროტოკოლი, რომ ამ კატეგორიისთვის აცრა აბსოლუტურად უსაფრთხოა, რადგან ვაქცინა დედის რძის მეშვეობით ბავშვის ორგანიზმში არ გადადის.

„რაც მთავარია, როდესაც კოვიდინფიცირებული ქალი ბავშვს აჩენს და, როგორც ცნობილია, ბავშვი მუცლად ყოფნის პერიოდში ინფიცირებული დედისგან არ ავადდება – მას შეუძლია, ჩვილი ძუძუთი კვებოს, რა თქმა უნდა ჰიგიენური ნორმების დაცვით,“ – აცხადებს ჩხაიძე.

მისივე თქმით, პირბადის ტარების, დისტანციის დაცვისა და კონტაქტებისგან თავის არიდების გარდა, უფროსებს ბავშვების ინფექციისგან დაცვა აცრის საშუალებითაც შეუძლიათ.

„სტატისტიკა არ მაქვს, მაგრამ იმ ბავშვების მშობლებში, რომლებიც ჩვენთან წვანან, ვაქცინირებულების რაოდენობა ძალიან დაბალია. ორჯერადად აცრილი ადამიანის დაინფიცირების შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და მისი გადამდებლობაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე არავაქცინირებული ადამიანის მხრიდან. ამიტომ, ბავშვების დაცვის ერთერთი მთავარი გზა უფროსების ვაქცინაციაა,“ – განაცხადა ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ხელმძღვანელის დავით რეხვიაშვილის განცხადებითაც, უფროსების ვაქცინაცია ბავშვების დაცვის ქმედითი საშუალებაა.

„თუ გვინდა დავიცვათ ჩვენი შვილები, ამის ერთადერთი გზაა წესების დაცვა – ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, ხშირად ვიბანოთ ხელები და ასევე მნიშვნელოვანია ვიყოთ ვაქცინირებული, რადგან 12 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის მონაცემები არ გვაქვს, 12 წლიდან ბავშვების აცრები კი მხოლოდ ქვეყნების ნაწილშია დაწყებული, ხოლო საქართველოში აცრა 16 წლის ასაკიდანაა დაშვებული. ანუ 16 წლანდე ბავშვები ჩვენთან დაუცველები არიან და მათ დავიცავთ იმით, რომ ჩვენ დავიცვათ თავი,“ – აცხადებს დავით რეხვიაშვილი.

მისივე განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა და ზრდაა ბავშვებშიც, რადგან პრევალირებს დელტა შტამი. შედეგად, ბავშვებში გაზრდილია კლინიკური გამოვლინება და დაავადება შედარებით უფრო მწვავედ მიდის, რაც ძირითადად ცხელებასა და თავის ტკივილში გამოიხატება.

ექიმი ამბობს, რომ მშობლები ამ მდგომარეობას განიცდიან და კლინიკებში მიმართვიანობაც გაზრდილია, თუმცა დავით რეხვიაშვილი ამბობს, რომ რეალურად მძიმე შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით გაზრდილი არ არის.

იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვების ინფიცირების წყარო მშობლებია, ციციშვილის კლინიკას თერაპიული განყოფილება დაემატა. დავით რეხვიაშვილის თქმით, თითქმის ყველა მშობელი, რომელიც მათთან მკურნალობს, აუცრელია. მისივე ინფორმაციით, კლინიკის პერსონალის დაახლოებით 80% ვაქცინირებულია, რაც დამატებითი დაცვის და პაციენტებთან უფრო თამამად მუშაობის საშუალებას აძლევთ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …