ის ადამიანები, რომლებიც სინოვაკის ან სინოფარმის ვაქცინით ორჯერადად არიან აცრილები და ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვთ, დიდი ალბათობით, მეოთხე დოზის გაკეთების უფლებასაც მიიღებენ. ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს წევრმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
„სრულიად მანკიერი პრაქტიკა ჩამოყალიბდა. ადამიანები სრულიად ფორმალურ სამგზავრო დოკუმენტებს ამზადებენ, რათა ჰქონოდათ საშუალება, ორი დოზა ფაიზერით ჩაენაცვლებინათ. ამიტომ მე ვფიქრობ, გამართლებული იქნება, თუ მათ ამის ლეგალური საშუალება მიეცემათ. ეს არის მსჯელობის საკითხი და გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იქნება მიღებული,“ – განაცხადა კულუმბეგოვმა.
სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ ჩინური ვაქცინების – სინოვაკისა და სინოფარმის ორმაგი დოზა ომიკრონზე ვერ მუშაობს.
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის ზაზა წერეთლის განცხადებით, ომიკრონის წინააღმდეგ ყველაზე კარგად მუშაობს ფაიზერის ვაქცინა, თუმცა – მხოლოდ ბუსტერის შემდეგ, ორდოზიანი ვაქცინაციის დაცვის დონე კი 40%-მდეა შემცირებული. იგულისხმება დაინფიცირებისგან დაცვა, თუმცა, როგორც წერეთელი აცხადებს, სიკვდილობისა და ჰოსპიტალიზაციისგან „ფაიზერის“ ვაქციონის ორი დოზა ისევ აგრძელებს ადამიანების დაცვას.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ 2 დოზით არიან აცრილები და ბუსტერად ფაიზერი გაიკეთეს, ზაზა წერეთლის თქმით, ასეთი მოქალაქეები უფრო დაცული იქნებიან, ვიდრე ბუსტერის გარეშე. თუმცა ის ამბობს იმასაც, რომ სინოვაკი და სინოფარმი სამწუხაროდ „ომიკრონზე ვერანაირად ვერ მუშაობს“ ფაიზერის და მოდერნასგან განსხვავებით, მათი დაცვითი უნარი თითქმის 0 მდეა დაცემული. ამიტომ, ზაზა წერეთლის რჩევაა, ვისაც ჩინური ვაქცინა აქვს გაკეთებული, აუცილებლად გაიკეთოს „ფაიზერის“ ბუსტერი. ზაზა წერეთელი ამბობს, რომ დაცვის ხარისხი ასეთ შემთხვევაში უფრო კარგია, თუმცა, ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინების მსგავსი 80-%-იან დაცვას არ უნდა ველოდოთ.