მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ჩინეთმა მსოფლიოში პირველი ცხვირში შესასხურებელი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა

ჩინეთმა მსოფლიოში პირველი ცხვირში შესასხურებელი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა

ახალი ვაქცინის აეროზოლის სულ რაღაც ერთი შესუნთქვა COVID-19-ის წინააღმდეგ ძლიერ თავდაცვას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ვაქცინების ჩინური მწარმოებელი CanSino იუწყება.

ჩინეთის მარეგულირებელმა COVID-19-ის შესასხურებელი ვაქცინა ბუსტერდოზად დაამტკიცა. შედეგად, ეს გახლავთ საინექციო ვაქცინის პირველი ალტერნატივა პანდემიის დაწყების შემდეგ.

შესასუნთქი ვაქცინა იმავე ინგრედიენტებს შეიცავს, რასაც სხვა ჩინური ვაქცინები, მაგრამ საფრქვეველი მოწყობილობა მას თხევადი ფორმიდან აეროზოლად გარდაქმნის.

COVID-19-ის ამერიკული ვაქცინების მსგავსად, CanSino-ს ფორმულა შეიცავს გენეტიკური მასალის ნაწილებს, რათა ორგანიზმმა ვირუსის ამოცნობა შეძლოს.

Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინებს ეს მასალა პირდაპირ შეაქვს, CanSino-ს ვაქცინა კი ჩვეულებრივი გაციების ვირუსის უსაფრთხო ვერსიას იყენებს კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გადასატანად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, CanSino-ს ერთდოზიანი ვაქცინა 92 პროცენტით ეფექტიანია COVID-19-ის მწვავე ფორმის წინააღმდეგ, დაავადებისგან სრულიად დაცვის თვალსაზრისით კი 58-პროცენტიანი ეფექტიანობა აქვს.

მისი, როგორც ბუსტერის (საინექციო ვაქცინის ერთი დოზის შემდეგ) კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ის ისეთივე ეფექტიანი იყო, როგორც Sinovac-ის ვაქცინის ორი დოზა.

შესასხურებელი ვაქცინა დაცვას აძლიერებს ცხვირისა და ზედა სასუნთქი გზების გარსში, სწორედ იქ, საიდანაც ვირუსი ორგანიზმში შედის.

შესასუნთქ ვაქცინად წარსულში სხვა ვაქცინებიც გადააკეთეს, მაგალითად, FluMist-ი, რომელსაც პედიატრიულ განყოფილებებში გრიპის ყოველ სეზონზე იყენებენ.

შესასხურებელი ვაქცინები ბავშვებისა და ბევრი ზრდასრულისთვის უნემსო ალტერნატივაა, მაგრამ როგორც მტკიცებულებები მიუთითებს გრიპის გასული სეზონებიდან, აეროზოლი ვაქცინები ეფექტიანობის იმავე დონეს ყოველთვის ვერ აღწევს, რასაც საინექციო ვაქცინები.

დრო გვეტყვის, რამდენად საკმარის გამაძლიერებელ თავდაცვას შემოგვთავაზებს კოვიდის საწინააღმდეგო შესასუნთქი ვაქცინა, რათა ის სხვა ქვეყნებშიც დამტკიცდეს და ფართოდ გავრცელდეს.

1tv.ge

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …