ორი ჩინური ვაქცინით მიერ გამომუშავებული ანტისხეულები, სხვა შტამებთან შედარებით, დელტა-ვარიანტის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტიანია, თუმცა ადამიანის დაცვას ისინი მაინც უზრუნველყოფენ – ამის შესახებ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადეს. ინფორმაციას როიტერი, ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიით გასულ ინტერვიუზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინტერვიუში ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მკვლევარი ვაქცინებს არ ასახელებს და კვლევის სხვა დეტალებსაც არ ახმაურებს, ის აცხადებს, რომ საუბარია ინაქტივირებულ ვაქცინებზე.
ამასთან, როიტერი აღნიშნავს, რომ ჩინეთის მიერ წარმოებული 7 ვაქცინიდან, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი ვაქცინაციის პროცესში გამოიყენება, 5 ინაქტივირებულია. მათ შორისაა სინოვაკის და სინოფარმის პრეპარატები.
ჩინეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, დელტა ვარიანტმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე ერთერთ პროვინციაში ეპიდაფეთქება გამოიოწვია. თუმცა, ჩინელი ეპიდემიოლოგის განცხადებით, არცერთი აცრილი ადამიანის მდგომარეობა არ დამძიმებულა, ხოლო მძიმე პაციენტებიდან არცერთი არ ყოფილა ვაქცინირებული.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე დელტა-ვარიანტის 20-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ამასთან, ეპიდემიოლოგების განმარტებით, აღნიშნული მაჩვენებლის უკან, რეალურად, ინფიცირებულთა 20% მოიაზრება.
გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ერთ თვეში დელტა, იგივე “ინდური” შტამი საქართველოში დომინანტური გახდეს.