მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ცალსახად უმჯობესია ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენილი დაავადებების მკურნალობა
ცალსახად, უმჯობესია ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენილი დაავადებების მკურნალობა. პრევენცია ყოველთვის უკეთესია. თუმცა, ეს ყველაფერი საჭიროებს დიდი ხნის ტრადიციებს.

ცალსახად უმჯობესია ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენილი დაავადებების მკურნალობა

ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმაზე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალურ ალიანსთან“ ერთად მუშაობს. რეფორმის ფარგლებში იგეგმება ოჯახის ექიმების გადამზადება, მათი ხელფასების მატება, ამბულატორიებისა და პოლიკლინიკების რემონტი და აღჭურვა. ეს ნაბიჯები პრევენციული მედიცინის განვითარებისკენაა მიმართული. 

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ქვეყანაში დაგეგმილ პირველადი ჯანდაცვის რეფორმას ეხმაურება. იგი მიიჩნევს, რომ პრევენციული მედიცინა ყოველთვის უმჯობესია და სახელმწიფოსთვის პერსპექტივაში მეტი შედეგის მომტანია. 

„ცალსახად, უმჯობესია ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენილი დაავადებების მკურნალობა. პრევენცია ყოველთვის უკეთესია. თუმცა, ეს ყველაფერი საჭიროებს დიდი ხნის ტრადიციებს. ადამიანებს ფული არ ჰქონდათ ათეულობით წლის განმავლობაში. ათობით და ასობით ათასი მოქალაქე გვყავს, რომელიც ლამის ორი ათეული წელი ექიმთან არ ყოფილა. ამიტომ, როგორც კი მიიღეს შესაძლებლობა, რომ უფასოდ მიეღოთ სამედიცინო სახის სერვისი, მთელი საქართველო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, დაუყოვნებლივ მიაწყდა ამბულატორიებს და სტაციონარებს.

საყოველთაო ჯანდაცვა მასშტაბური სოციალური პროექტი აღმოჩნდა, რომელმაც, ერთმნიშვნელოვნად, ძალიან პოზიტიური როლი შეასრულა საზოგადოებისთვის. განსაკუთრებით მძიმე სოციალური ფონის ფონზე მოსახლეობის ჯანდაცვის უზრუნველყოფის კონტექსტში, ეს არის ძალიან სოციალური პროექტი.

ფაქტობრივად, საუბარია უფასო ჯანდაცვაზე. ამან ძალიან დიდი შეღავათი მისცა იმ ადამიანებს, რომელთა უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმაა. უფასო ოპერაციების წარმოება, რა თქმა უნდა, არის  სასურველი და მისაღები მოქალაქეებისათვის. აქ მეორე პრობლემაა, თუ რამდენ ხანს გაუძლებს ასეთ უზარმაზარ სოციალურ პროექტს, რომლის დაფინანსება სცდება წელიწადში მილიარდ ლარის,  სახელმწიფო ბიუჯეტი.

სახელმწიფომ ძალიან კარგად უნდა გათვალოს, არის კი დღე ჩვენი ბიუჯეტი მზად ასეთი დატვირთვისათვის. მე ვისურვებდი, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს შეძლოს, თუმცა არ ვეთანხმები, რომ ეს პროგრამა ერთნაირად აფინანსებს ყველას – სოციალურად დაუცველს და თუნდაც პარლამენტარს, ან მინისტრს, ან მოქალაქეს, რომელსაც წელიწადში შემოსავალი 40 000 ლარზე მეტი აქვს. ჩნდება ლოგიკა, რომ მოხდეს დიფერენცირება იმ ადამიანებისა, რომლებიც პროგრამაში ყოფნას რეალურად საჭიროებენ“, – მიაჩნია ახვლედიანს.

მისი თქმით, თუ ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს ისეთ მიდგომას, რაც ადამიანებს მისცემს საშუალებას, ადრეულ სტადიაზე, პირველ ეტაპებზევე მოახდინონ დაავადებათა აღმოჩენა და პრევენცია, რა თქმა უნდა, ეს იქნება მისასალმებელი და მომავალში სერიოზულ შედეგს მოგვცემს.

თუმცა, ჯერჯერობით, ჩვენთან დაფინანსებულია მხოლოდ ქირურგიული ჩარევები, ურგენტული მკურნალობა, თუმცა როგორიცაა მონიტორინგი, პრევენცია, გამოკვლევების და რეაბილიტაციის კურსები, ეს ყველაფერი ფასიანია“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

primetimenews.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …