ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და პროგრამების სამმართველოს უფროსის ეკა ადამიას განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა თავისი არსით უპრეცედენტოა
ადამიას თქმით საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც ეს სჭირდება, დღემდე ხელმიუწვდომელ მკურნალობაზე უკვე სრული ხელმისაწვდომობა აქვს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და პროგრამების სამმართველოს უფროსმა აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა თავისი მნიშვნელობით არაფრით ჩამოუვარდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და პაციენტთა დიდ ნაწილს აქვს შანსი, თავი დააღწიოს ამ დაავადებას.
“რამდენიმე ხნის წინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში გახლდით, სადაც ევროპის ყველა ის ქვეყანა იყო მოწვეული, რომელიც C ჰეპატიტის პრობლემის წინაშე დგას და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით მკურნალობა მიუწვდომელია, ფასის გამო. საქართველომ კი რეალურად საჩუქარი მიიღო, რაც ჩვენი მთავრობის სერიოზული მიღწევაა“– აღნიშნა ეკა ადამიამ.
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს პროგრამა არ იქნება ეფექტური და ვერ მოხდება დაავადების სრული აღმოფხვრა.
ვერ დავეთანხმები ვერცერთ ოპონენტს, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას აკრიტიკებს. თავისი მიზნებით, ეს ისეთი პროგრამაა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ძალიან დიდ სურვილთან ერთად საჭიროებს ასევე მხარდაჭერასაც. წარმოიდგინეთ, ასეთ შანსზე, როგორიც ამ პაციენტებს აქვთ ახლა ამ პროგრამის წყალობით, ვერც თავად პაციენტები იოცნებებდნენ და ვერც მთლიანად საზოგადოება.
იმის თქმა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ადამიანებზე საცდელადაა გამიზნული, დანაშაულია. უნდა ნახოთ ის ხალხი, ვინც ამ პრეპარატით მკურნალობას წლებია ელოდება. მათთვის ეს გადარჩენაა. მთელი სარჩო–საბადებელიც რომ გაეყიდათ, ასეთი ღირებულების მედიკამენტით მკურნალობა პაციენტების დიდი პროცენტისთვის მიუწვდომელი იყო. ამიტომაც, ვერ ვეგუები C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მოწინააღმდეგეებს.
რა პრინციპებითაც C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის არჩეულია საქართველო, ელიმინაცია მიღწევადია. ამაზე არამარტო ჩვენ, მთელი მსოფლიო მსჯელობდა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა არის პატარა და მოსახლეობის ძალიან დიდ პროცენტს აქვს ეს დაავადება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალინ დიდი პრობლემაა.
C ჰეპატიტი წლების წინ განუკურნებელი დაავადება იყო. დღეს, არსებობს რევოლუციური პრეპარატი, რომელიც რეალურად C ჰეპატიტის ვირუსს კურნავს. მითუმეტეს, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური ნება, ვერ წარმომიდგენია რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ამ პროგრამის განხორციელებას. ჩვენი ქვეყნისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა იქნება სერიოზული შანსი, იყოს საჩვენებელი ქვეყანა მსოფლიოში.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ჩემპიონი გვიწოდეს. ასე, რომ კრიტიკას არ მივიღებ. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მოახერხა ამ პროგრამის მიმღები ყოფილიყო. თვითონ მედიკამენტი სოფოსბუვირი აქტიურად გამოიყენება, მას თითქმის 97%-მდე განკურნების შედეგი აქვს. C ჰეპატიტი აღარ წარმოადგენს საშიშროებას მოსახლეობის დიდი მასისთვის. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელობის პროექტი. მიმაჩნია, რომ ნებისმიერმა მთავრობამ, რომელიც ქვეყნის სათავეში იქნება, ხელი უნდა შეუწყოს ამ პროგრამის განხორციელებას.
ამ დროისთვის რამდენი ადამინია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული?
1400 პაციენტს გავლილი აქვს საჭირო სრული კურსი დიაგნოსტიკაში ჩასართავად. აქედან 950 ადამინი უკვე ჩართულია მკურნალობაში. დანარჩენი პაციენტები გაივლიან კომისიას და მათი ჩართვა ეტაპობრივად მოხდება.
რაც შეეხება სადიაგნოსტიკო ცენტრებს იქ თითქმის 6000-ზე მეტი პაციენტია დარეგისტრირებული.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პაციენტების მკურნალობის პირველი შედეგები როდის გახდება ცნობილი?
პირველი შედეგი გვექნება აგვისტოს შუა რიცხვებში.