სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ პოსტკოვიდურ სარეაბილიტაციო პროგრამაზე მოთხოვნა შემცირებულია. როგორც სასტუმროს ბრენდის განვითარების დირექტორი ქეთევან ნადარეიშვილი აცხადებს, ინტერესი ძირითადად უცხოელების მხრიდან ფიქსირდება.
„ამ პროცედურებით ძირითადად დაინტერესებულები არიან ყაზახები, პოსტ საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეები. ახლოსაც არიან, ფრენებიც უფრო გამართულია და ამ პაკეტებს უფრო ყიდულობენ. აღნიშნულ პროგრამაზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა, ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ გვეყიდება, თუმცა, დიდი ინტერესი არ არის,“-აცხადებს ნადარეიშვილი jandacva.ge-სთან საუბარში.
კითხვაზე, რატომ არ ინტერესდება ადგილობრივი დამსვენებელი პოსტკოვიდურ სარეაბილიტაციო პროგრამით, როგორც სასტუმროს ბრენდის განვითარების დირექტორი განმარტავს, ამის მიზეზი პროგრამაზე არსებული შედარებით მაღალი ფასი და ადგილობრივების დაბალი მსყიდველუნარიანობაა.
კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პროგრამა ინდივიდუალურად ირჩევა, მათი საჭიროებების შესაბამისად. პროგრამა მოიცავს ექიმ–თერაპევტის კონსულტაციას, სამედიცინო და სხვა საჭირო პროცედურების გავლას, ასევე სამჯერად კვებას. 7 დღის განმავლობაში 2 ადგილიანი ნომრის (3-ჯერადი კვებით) ფასი 4207 ლარს შეადგენს.
ნადარეიშვილის განცხადებით, კომპანია აღნიშნული პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით გააქტიურებას გეგმავს. „გვაქვს რამდენიმე ქვეყანა არჩეული, რომელზეც წელს აქცენტს გავაკეთებთ. ერთ-ერთი სამიზნე ბაზარი ისრაელი, მალტა, ყაზახეთი და გალფის ქვეყნებია,“-აცხადებს ნადარეიშვილი.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ პოსტკოვიდური სარეაბილიტაციო პროგრამა კონკურენტული საერთაშორისო ბაზარზე როგორც ხარისხით, ისე ფასით, სასტუმროს ბრენდის განვითარების დირექტორი აცხადებს, რომ გამომდინარე იქიდან რომ ფრენები აქტიურად ხორციელდება,“ბორჯომი ლიკანის“ მიერ მიწოდებული ეს სერვისი იქნება როგორც საინტერესო, ისე მოთხოვნადი.