ბოლო ერთ თვეში, საქართველოში შემოსულ ტურისტებს შორის კოვიდ-19-ის 400-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მოხდა აღნიშნული ტურისტების იზოლაცია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ორი დოზით ვაქცინაციის მიუხედავად, ხდებოდეს ტურისტების მონიტორინგი ტესტებით, 72 საათში ერთხელ. თამარ გაბუნიამ და ამირან გამყრელიძემ ასევე ისაუბრეს ე.წ. ინდური შტამის გავრცელებაზე, რომელიც, მათი თქმით, ქვეყანაში უკვე 10-20%-ს აღწევს.
თამარ გაბუნიას თქმით, შესაძლოა, სწორედ ამ შტამის ცირკულირებას უკავშირდებოდეს ინფიცირების შემთხვევების და ლეტალობის მაჩვენებლის ზრდა, რომელმაც ბოლო 24 საათში 22 გარდაცვლილი შეადგინა.
მისივე თქმით, მართალია, სამშაბათობით, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი იზრდება (შაბათ-კვირას ტესტირებაზე მიმართვიანობა დაბალია და პროცესი ორშაბათს აქტიურდება, რაც სამშაბათის სტატისტიკაში აისახება), თუმცა რამდენიმე კვირაა, ინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.
ამირან გამყრელიძის თქმით, გუშინ საქართველოში „დელტა“ შტამის კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა. მისი განმარტებით, ამ შტამის გავრცელება მსოფლიოში სულ უფრო ინტენსიური ხდება, ამიტომ, მისი განცხადებით, რეგულაციების დაცვა მოქალაქეებს უფრო მეტად მართებთ.
ამირან გამყრელიძის თქმით, ახლა, ეპიდემიოლოგიური კუთხით, ქვეყანა ოქროს შუალედზე გადის და დანის პირზე მიდის. ამასთან, მისი განცხადებით, ზაფხულში ეკონომიკა მეტად იხსნება და აუცილებელია, ეკონომიკას მეტი თავისუფლება მიეცეს, მაგრამ მეორეს მხრივ, აუცილებელია ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის დაცვა, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს. მისი განმარტებით, ჯერჯერობით, მთელი ივნისის განმავლობაში ეპიდსიტუაცია ერთ ნიშნულზეა, თუმცა დაკვირვება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ის 1194 შემთხვევა დადასტურდა.