მას შემდეგ, რაც თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის ახალი შტამის – „დელტამიკრონის“ შესახებ განცხადება გააკეთა, მოსახლეობაში კოვიდპანდემიიის მორიგი ტალღის შესახებ კითხვები სულ უფრო ხშირად ისმის.
თენგიზ ცერცვაძის განცხადების თანახმად, არსებობს ვარაუდები, რომ ახალი შტამი მარტივი გადადებითა და მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება, თუმცა იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, მაღალი ინფექციურობის მიუხედავად, „დელტაკრონს“ მსუბუქი მიმდინარეობა აქვს.
ამ საკითხზე დამატებით განმარტებებს აკეთებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც, რომელიც აცხადებს, რომ ამ შტამზე აქცენტის გაკეთება არასწორია.
კულუმბეგოვის თქმით, პანდემიის განმავლობაში კორონავირუსი მუტაციას ხშირად განიცდიდა და ყოველ 4 თვეში ერთხელ ახალი ვარიანტი ევლინებოდა ხოლმე მსოფლიოს, რომელსაც ჯანმო სხვადასხვა კვალიფიკაციას ანიჭებდა: ესაა შეშფოთების ვარიანტები, რომლებიც დომინანტობით, გავრცელების მაღალი პოტენციალით ან სხვა მახასიათებლებით გამოირჩევიან. ასევე არის ინტერესის და დაკვირვების ვარიანტები. ახალი შტამი, კულუმბეგოვის თქმით, სწორედ დაკვირვების ვარიანტად მოიაზრება და მეცნიერულად შეშფოთების კლასიფიკაცია არ ენიჭება.
„3-6 კვირა მაინც იქნება საჭირო, რომ ბოლომდე ვიცოდეთ მისი ლაბორატორიული მახასიათებლები და ის, თუ როგორ იქცევა ის რეალურ ცხოვრებაში. ამ ეტაპზე ის წამყვან პრობლემად არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიის და არც რომელიმე ცალკე მარეგულირებლის მიერ ამერიკასა თუ ბრიტანეთში არ არის აღიარებული. ამიტომ ამაზე ზედმეტი აქცენტების გაკეთება და საზოგადოებაში შფოთვის გამოწვევა სწორად არ მიმაჩნია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,“- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, იმუნოლოგის თქმით, ის უკეთესობისკენ მიდის, თუმცა ვირუსი არ გამქრალა, ამიტომ არც ვაქცინაციის და არც დახურულ სივრცეში პირბადის ტარების საჭიროება დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.