მოლებსა და ობიექტების თანამშრომლებზე „მწვანე პასპორტის“ მექანიზმის გავრცელება მომდევნო ეტაპებზე იგეგმება. ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 1 დეკემბრიდან მოქალაქეებს, სხვადასხვა ობიექტში „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შესვლა სამი სხვადასხვა მეთოდით შეეძლებათ: ერთი მეთოდია ვებგვერდი covidpass.moh.gov.ge-ზე, რომელზეც, სპეციალურ ველში პირადობის ნომრის მითითებით ამოვა წარწერა, რომ ადამიანი აკმაყოფილებს მოთხოვნებს და ასევე ფოტოსურათი, რომლითაც ობიექტის ადმინისტრაცია შეძლებს მომხმარებლის იდენტიფიცირებას. ამავე საიტიდან შესაძლოა შტრიხ კოდის ტელეფონში შენახვა, რომლის შემოწმებასაც ამა თუ იმ ობიექტის მფლობელი სმარტფონის საშუალებით შეძლებს.
მეორე მეთოდი – ესაა იუსტიციის სახლში შესაბამისი ცნობის აღება, მესამე კი – აპლიკაცია, რომლის ჩამოტვირთვის შემდეგ, ობიექტის წარმომადგენელს შეეძლება, სმარტფონის საშუალებით მოქალაქის უსაფრთხოების სტატუსის შემოწმება.
რაც შეეხება რეგულაციის აღსრულებას, ბექა ფერაძის განცხადებით, მისი სამსახურის წარმომადგენლები ამას შერჩევითობის პრინციპით, უშუალოდ ობიექტებზე პერიოდული ინსპექტირებისა საშუალებით განახორციელებენ.
კითხვაზე, მოხდება თუ არა „მწვანე პასპორტის“ მექანიზმის გავრცელება სხვა ობიექტებზე, მათ შორის მოლებზე, ასევე ობიექტების თანამშრომლებზე, ფერაძე ამბობს, რომ „მწვანე საშვის“ გაფართოებაზე საკოორდინაციო საბჭო მომდევნო ეტაპზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ: სააკოორდინაცო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ მწვანე პასპორტის კონცეფცია. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.
პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების-საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.