საქართველოში კოვიდ ვაქცინაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მიუღწეველი დარჩა, ნაცვლად მთელი მოსახლეობის 60%-ისა, ვაქცინაციის მოცვა არის 31.3% (2021). ამის შესახებ იუნისეფში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, დაბალი მოცვის მიზეზებია ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშები, არსებული სამედიცინო ჩივილები, გართულებების შიში და ოჯახის და განსაკუთრებით სოფლის ექიმების დაბალი ჩართულობა. ასევე დაეცა რუტინული აცრების მაჩვენებელი ბავშვებში.
იუნისეფში მიაჩნიათ, რომ სამედიცინო მუშაკები ყველაზე სანდო წყაროა საქართველოში კოვიდ-19-ის და რუტინული იმუნიზაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და მათ შეუძლიათ პოზიტიური გავლენა მოახდინონ პაციენტების ვაქცინაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე. ამიტომ კოვიდ 19 ვაქცინაციის მოცვის გაფართოების მიზნით და რეგიონებში მომუშავე ექიმების აქტიური ჩართულობით საქართველოში იმუნიზაციის კამპანიის ახალი ეტაპი იწყება. საუბარია გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ახალ ინიციატივაზე – საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ექიმების ჩართულობით კოვიდ-19 ვაქცინაციის და ზოგადად, იმუნიზაციის წახალისების კამპანია განხორციელდება.
პირველი შეხვედრა აჭარის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ბათუმში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ხვალ იმართება.