ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შემთხვევები ისევ გახშირდა. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, იანვრის შემდეგ ეს, აღნიშნული ჩივილებით მომართვიანობის მეორე ძლიერი ტალღაა, თუმცა წინა ტალღისგან განსხვავებით, ის უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა. ამ ეტაპზე აღნიშნული სინდრომით იაშვილის პედიატრიული კლინიკის რეანიმაციაში ორი ბავშვია მოთავსებული.
„პრაქტიკულად ყოველდღე შემოდის პაციენტი მულტისისტემური ანთებითი სინდრომით. ამის მსგავსი არასდროს არ ყოფილა. ჩვენ ერთერთი ასეთი სერიოზული ტალღა იანვარში გვქონდა, მაგრამ ის 2-3 კვირის განმავლობაში გაგრძელდა, ახლა მესამე კვირაა, ყოველდღიურად ვაფიქსირებთ ასეთ შემთხვევებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვის მართვა მოხერხდა და ყველა ბავშვი გაეწერა ბინაზე, და იმედი მაქვს, მალე გავწერთ იმ ბავშვებსაც, რომლებიც ახლა იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში წვანან,“ – განაცხადა ჩხაიძემ.
მულტისისტემური ანთების სინდრომი კორონავირუსის გადატანის შემდეგ ბავშვებში ვლინდება. დაავადება კორონავირუსის გადატანიდან 1-დან 4 თვემდე პერიოდში ვლინდება.
პრობლემები იწყება ტემპერატურის მკვეთრი მომატებით, ამის კვალდაკვალ ზიანდება სხვადასხვა ორგანოთა სისტემა და ეს იმდენად მძიმე ფორმით ვითარდება, რომ ბავშვები საავადმყოფოებში ხვდებიან. მძიმე ფორმით გადაიტანა პაციენტმა კორონა თუ მსუბუქად, მნიშვნელობა არ აქვს.
აღნიშნული სინდრომი იშვიათ შემთხვევაში იჩენს თავს. გასული წლის ნოემბერ-დეკემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში ამ დიაგნოზით 65-მდე ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ყველა გამოჯანმრთელდა.