ექიმებისთვის და იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ხელფასს ბიუჯეტიდან იღებენ, ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს. ამის შესახებ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.
მისი თქმით, თუ ეპიდსიტუაცია არ დასტაბილურდა, მალე დადგება დრო, როცა ჰოსპიტალურ სექტორს ახალი პაციენტების მიღება გაუჭირდება, კვლავ საჭირო გახდება საველე ჰოსპიტლების ამოქმედება,სადაც მომსახურება შესაძლოა, სათანადო ხარისხის არ იყოს.
კულუმბეგოვის განცხადებით, ცნობილი იყო, რომ აცრისთვის მოსახლეობის 35-40 პროცენტი იყო მზად და ამ ნიშნულზე უკვე ავედით. მისი ვარაუდით, ქვეყანაში შესაძლოა იყოს კიდევ 80-100 ათასი ადამიანი, რომელიც აცრას დათანხმდება. ამის შემდეგ კი მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი და გეგმაზომიერი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის აცრილების მხარდაჭერა და კოვიდპასპორტების შემოღება. ამასთან, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კოვიდპასპორტი მხოლოდ აცრის სტატუსს არ გულისხმობს და მასში უნდა აისახოს ტესტირების და ვირუსის გადატანის მონაცემები. სწორედ ამ ვარიაციებში უნდა შეეძლოთ ადამიანებს დახურულ სივრცეში, ასევე ავტობუსში, მეტროში შესვლა.
„სხვანაირად ამ ტალღებს ვერ გავაჩერებთ. გვჭირდება იმუნური მილიონ ნახევარი მოქალაქე დამატებით,“ – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
მისივე თქმით, დღეში 5 ათასი შემთხვევის პირობებში, 10 თვე დაგვჭირდება, რათა მილიონ ნახევარმა ადამიანმა გადაიტანოს კორონავირუსი, თუმცა ამ პერიოდში, მილიონ ნახევარი მოქალაქის დაინფიცირების პირობებში, 12-13-15 ათასი ადამიანი გარდაიცვლება, რაც სიკვდილობის აუნაზღაურებელი მაჩვენებელია.
ბიძინა კულუმბეროვი ამბობს, რომ სავალდებულო ვაქცინაციისა და კოვიდპასპორტის შემოღებას ხელისუფლება არ ჩქარობს, რადგან არ სურს ადამიანების განაწყენება, მაგრამ, მისივე სიტყვებით, ჩვენ უნდა დავდგეთ ყველაფერზე მაღლა და თუნდაც ამ განაწყენებული ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ.
ამასთან, იმუნოლოგის განცხადებით, მართალია, მნიშვნელოვანია პედაგოგების ვაქცინაცია, თუმცა არანაკლები მნიშვნელობა აქვს იმ ბავშვების ოჯახების წევრების ვაქცინაციას, რომლებიც სკოლებში ან ბაღებში დადიან. „ბავშვებმა დააგენერირეს ინფექციების დიდი რაოდენობა, რაც დღეს ფიქსირდება,“ – განაცხადა კულუმბეგოვმა და აღნიშნა, რომ ოჯახის უფროსი წევრების მიერ აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლოა, განხილულ იქნას ასეთი ბავშვების ონლაინ-სწავლებაზე დატოვების შესახებ. მედიკოსის განცხადებით, სკოლებიდან და ბაღებიდან ოჯახებში მისული ბავშვები უფროს ნათესავებს აინფიცირებენ და შესაძლოა, ინფექცია 5-6 ადამიანს გადასდონ.