ასეთი შედეგი აჩვენა სტატისტიკის სამსახურის კვლევამ, რომლის მიზანიცაა ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევა. პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
გამოკვლევა მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევის შერჩევის საფუძველზე მიმდინარეობს. დაგეგმილია გამოკვლევის რამდენიმე ტალღის ჩატარება.
გამოკვლევის ფარგლებში გროვდება მონაცემები როგორც ქალაქებში, ისე სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებში. ქვეყნის მასშტაბით შერჩევის ზომა განისაზღვრა 1 996 შინამეურნეობით, მათ შორის ქალაქად 963 ერთეულით, ხოლო სოფლად 1 033 ერთეულით.
გამოკვლევის მეხუთე ტალღის კითხვარით გათვალისწინებული მონაცემები შეგროვდა 2021 წლის ოქტომბერში.
გამოკვლევის თანახმად, იმის მიზეზად, რომ არ აქვთ სურვილი ან არ გადაუწყვეტიათ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, რესპონდენტების 36.8 პროცენტი ასახელებს ვაქცინის გვერდით მოვლენებს, 35.8 პროცენტის აზრით, ვაქცინა ძალიან ახალია, სწრაფად შეიქმნა და საკმარისად არ არის გამოცდილი, რესპონდენტების 32.1 პროცენტისათვის ჯანმრთელობის არსებული პრობლემებია მიზეზი, 13.9 პროცენტი ასახელებს ვაქცინის კონკრეტული ბრენდების მიმართ უნდობლობას, 12.4 პროცენტი ფიქრობს, რომ ვაქცინა იწვევს სიკვდილს ან უნაყოფობას, 8.6 პროცენტი ასახელებს ზოგიერთ მედიკამენტზე ალერგიას, 7.9 პროცენტი — COVID-19-ის გადატანის შედეგად გამომუშავებულ იმუნიტეტს, რესპონდენტების 4.6 პროცენტი თვლის, რომ COVID-19-ით გამოწვეული საფრთხე გაზვიადებულია, 2.6 პროცენტი — ვაქცინის ტესტირება მოსახლეობაზე ხდება, ხოლო 0.1 პროცენტის აზრით ეწინააღმდეგება რელიგიურ შეხედულებებს.
შეგახსენებთ, რომ jandacva.ge-სთან საუბარში არაერთმა ექიმმა განაცხადა, რომ არ არსებობს არცერთი მეცნიერული მტკიცებულება, რომ COVID-ვაქცინა შვილოსნობის უნარზე მოქმედებს.