მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » “ასტრაზენეკას” პრეპარატით ვაქცინაციის პროცესში დღესაც შეფერხებებია

“ასტრაზენეკას” პრეპარატით ვაქცინაციის პროცესში დღესაც შეფერხებებია

ვაქცინაციის პროცესში ისევ შეფერხებაა. ბენეფიციარებს, რომლებსაც დღეს “ასტრაზენეკას” ვაქცინის მეორე დოზით აცრა უწევდათ, დილიდან მიუვიდათ ტექსტური შეტყობინებები შემდეგი შინაარსით: “ასტრაზენეკას ვაქცინის მოწოდების შეფერხების გამო, თქვენი ჯავშანი გადავადებულია. ახალ თარიღთან  დაკავშირებით მოგეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია. ბოდიშს გიხდით უხერხულობის შექმნისთვის.” კლინიკაში ამ თემაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

“ასტრაზენეკას” ვაქცინებით იმუნიზაციის პროცესში პირველი სერიოზული პრობლემა გუშინ დაფიქსირდა, როდესაც  თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისულმა ათეულობით ადამიანმა ვაქცინის გაკეთება ვერ შეძლო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა  ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ  „შესაძლებელია გარკვეული შეფერხებები” გვქონდეს, რადგან არ არის დაზუსტებული „ასტრაზენეკას” იმ დოზების რაოდენობის შემოსვლა, რომელსაც ქვეყანა 22 ივნისისთვის ელოდებოდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის შეფერხება აღნიშნულ საკითხს უკავშირდებოდა და პრობლემა  აღმოფხვრილია.

„ჩვენ ხვალისთვის ველოდებოდით „ასტრაზენეკას” ვაქცინას და ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული იმ დოზების, რაოდენობის შემოსვლა, რომელიც ხვალ უნდა შემოსულიყო ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია გვქონდეს გარკვეული შეფერხებები. მაგრამ, ეს არ მოქმედებს სამედიცინო დახმარების ხარისხზე.

„ასტრაზენეკას” მეორე დოზა კეთდება 8-12 კვირის პერიოდში, როდესაც მას აქვს განსაკუთრებით კარგი გამაძლიერებელი ეფექტი პირველი დოზის შემდეგ. აქედან გამომდინარე, რესპუბლიკურში აღარ იქნება პრობლემა, ქუთაისიდან, გორიდან, მცხეთა-რუსთავიდან მოხდა მობიზილება გარკვეული ნამატი დოზების, რომელიც იყო სამედიცინო დაწესებულებებში. დარწმუნებული ვარ, ვინც იყო ჩაწერილი ყველა მიიღებს მეორე დოზას.

უნდა დავლაგდეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. დღეს ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს მომწოდებელთან, რომ დაგვიზუსტოს როდის მოგვაწვდის 43 ათას დოზას “,-აღნიშნა გამყრელიძემ.

შექმნილი შეფერხების გამო მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …