მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » “ასოციაციის მოთხოვნა დრჯ-ს დანერგვის გადადება არ ყოფილა”- ჯანდაცვის ასოციაციის პასუხი მინისტრს

“ასოციაციის მოთხოვნა დრჯ-ს დანერგვის გადადება არ ყოფილა”- ჯანდაცვის ასოციაციის პასუხი მინისტრს

ჯანდაცვის ასოციაციის მოთხოვნა დრჯ-ს დანერგვის გადადება არ ყოფილა. ამის შესახებ ჯანდაცვის ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება ჯანდაცვის მინისტრის გუშინდელ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ “დრჯ”-ს ამოქმედება გადაიდო და ამის მიზეზი კლინიკების ასოციაციის მიმართვა გახდა.
“ვეხმიანებით ჯანდაცვის მინისტრის მიერ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (დრჯ) დანერგვასთან დაკავშირებით მოამბის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მინისტრმა დიარჯის დანერგვის გადავადების მიზეზად კლინიკების მოუმზადებლობა დაასახელა და ამის საფუძვლად ჯანდაცვის ასოციაციის მიერ სამინისტროსათვის გაგზავნილი წერილი ახსენა.
ასოციაცია მიესალმება დრჯ სისტემის სწორად დანერგვას და მეტიც, დღევანდელი არაადეკვატური ტარიფების პირობებში, მოუთმენლად ველით სამართლიანი დაფინანსების მოდელზე გადასვლას.
ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს დიაგნოზს შეჭიდული ჯგუფების დანერგვის გეგმა სამინისტრომ პირველად 21 სექტემბერს გააცნო, ყოველგვარი წინასწარი განხილვისა და კლინიკების ჩართულობის გარეშე. გარდა ამისა, არც შეხვედრამდე და არც შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუზიარებია არანაირი ოფიციალური დოკუმენტი ან აღწერა დრჯ პროცესის დანერგვასთან დაკავშირებით.
სამინისტროს გეგმის ზეპირსიტყვიერად გაცნობის შემდეგ, ჯანდაცვის ასოციაციის სახელით კლინიკებმა სამინისტროს ტექნიკური და პრობლემატური საკითხების ჩამონათვალი მიაწოდეს, რომელთა გადაჭრის გარეშე დრჯს კლინიკებში ეფექტურად ვერ იფუნქციონირებს. ამ საკითხების გადაჭრა კი, უპირველეს ყოვლისა ჯანდაცვის სამინისტროს მოვალეობაა და არა კლინიკების.
იმედი გვაქვს, მინისტრის ჩართულობა უზრუნველყოფს დრჯ-ს დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების დროულად გადაჭრას სამინისტროს მხრიდან,” – ნათქვამია ჯანდაცვის ასოციაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ: ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების დაფინანსების ახალი, „დიარჯი“ სისტემის ამოქმედება გადაიდო, მიზეზი კი, მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსადმი კლინიკების ასოციაციის მიმართვაა, რომელშიც სექტორი აღნიშნული რეფორმის გადავადებას ითხოვს.
„როცა ჯერ კიდევ თვეების წინ ვმუშაობდით ამ პროექტზე და ვაანონსებდით, რომ სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში მზად ვიქნებოდით მის გასაშვებად, მაშინ ზუსტად მახსოვს, 100 კლინიკის აცოციაციის მომართვა იყო და გვთხოვდნენ, შევხვედროდით და სასწრაფოდ დაგვენერგა ეს სისტემა. დღეს გვაქვს მოცემულობა, როცა მიმდინარე თვეში, 3 ოქტომბრიდან ვუშვებდით ამ სისტემას და ზუსტად იგივე ასოციაციისგან მოგვივიდა წერილი, რომელიც გვეუბნება, რომ იქნებ გადავავადოთ სისტემის გაშვება, როცა ჩვენ ყველანაირად მზადყოფნაში ვართ და შეგვიძლია მისი ამოქმედება იმ ვადებში, რაც დაპირებული გვქონდა სექტორისთვის. ახლა ისევ დავუბრუნდით განხილვის ეტაპს და უკვე ჩვენს გუნდში ვიხილავთ, რამდენად საჭიროა ან რამდენი ხნით შეიძლება გადავუწიოთ ვადები. მათი მოტივაცია გადავადების ისაა, რომ თავიანთი შიდა სისტემები აქვთ გადასაწყობი. იანვარში,  როცა მოვედი ამ თანამდებობაზე, მალევე დავიწყეთ ამაზე საუბარი და მაშინვე შეეძლოთ მათ ამაზე დაეწყოთ ფიქრი, თუმცა თუ სისტემების გადაწყობის საჭიროება აქვთ, პარალელურად შეგვეძლო დაგვეწყო და გაგვეშვა დიარჯი და არ შეგვეფერხებინა პროექტი, რადგან რამდენიმე თვე ისედაც საპილოტე რეჟიმში იქნებოდა და თუ რამე ხარვეზი იქნებოდა, ამას პარალელურად გამოვასწორებდით. მაგრამ იმ წერილის საფუძველზე, რომელიც შემოვიდა სამინისტროში, ჩვენ შევაჩერეთ პროცესი და ახლა ვიხილავთ, თუ რა პერიოდით შეგვიძლია გადავადება. ძალიან  დიდი ვადით გამორიცხულია და ამას არ დავთანხმდებით,  რადგან ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ახალი სისტემით ყველა კლინიკას ისეთ სატარიფო სისტემას ვთავაზობდით და ისეთ საბაზისო ტარიფს განვუსაზღვრავდით, რომ პაციენტს სამწუხაროდ დღეს თუ უწევს თანხის დამატება სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე – და წესით არ უნდა უწევდეს – იმ შეთანხმების მიხედვით ისეთი ტარიფები განისაზღვრებოდა, რომ პაციენტს არანაირი დამატების საჭიროება არ უნდა ჰქონდეს.  რაც უფრო იქით გადავწევთ ამ სისტემის გაშვების თარიღს, ეს ისევ პაციენტებს ეხება და მათ კმაყოფილებაზე ექნება გავლენა. ამიტომ ვჩქარობთ, რაც შეიძლება სწრაფად გავუშვათ და ის თავდაჯერებულობა და მზადყოფნა, რაც გვაქვს, ამისთვის სრულიად საკმარისია. იცით, რომ უცხოელი პარტნიორები, ექსპერტებიც გვყავს ჩართული, ვისაც სხვა ქვეყნებში აქვს ამ სისტემის დანერგვის გამოცდილება  და ზუსტად იმ ქვეყნების მოდელს ვნერგავთ. შესაბამისად,  ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა შესაძლოა რამდენიმე დღე და შეიძლება რამდენიმე კვირა გადავხედოთ და გავითვალისწინოთ მათი პოზიციებიც, მაგრამ ამ სისტემის ამოქმედებას დროში ძალიან დიდხანს ვერ გადავიტანთ,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …