„ასე მგონია, საქართველოში საზოგადოება სხვაგან ცხოვრობს,“ – ამის შესახებ ისრაელში მცხოვრები ექიმი ირაკლი კილაძე აცხადებს.
მისი თქმით, გარდაცვალების ის მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანას აქვს, კატასტროფულია.
„გარდა იმისა, რომ უნდა ავიცრათ, უნდა დავიცვათ რეგულაციები – აუცილებელია ნიღბის ტარება ღია სივრცეში. ვხედავ, რომ საქართველოში ისევ ხდება ხალხის თავყრილობები. ამიტომ ინფიცირების ის რიცხვი, რაც საქართველოშია, არაა გასაკვირი. მოვუწოდებ სახელმწიფოს, რომ არ დაუშვას ასეთი შეკრებები. ასე მგონია საქართველო სხვაგან ცხოვრობს. საზოგადოება მყავს მხედველობაში. მადლობა ღმერთს, 21-ე საუკუნეში აცრის გაკეთების საშუალება არსებობს, მაგრამ მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტს აქვს აცრა გაკეთებული. დიდი თავშეყრა იყო თბილისში და სახელმწიფოს ვუწუნებ ამ საქციელს. შეიძლება პოლიტიკისთვის საჭირო იყოს, მაგრამ პანდემიის დროს, იგივე ის რაც ხდება ციხესთან, არის კატასტროფული შედეგის მომტანი. ვაქცინა არაა, რეგულაციების დაცვა არაა. ქვეყნისთვის დღეში 50 ადამიანის დაკარგვა კატასტროფაა. ჩვენ ვართ ომში, კოვიდთან ომში და ეს ყველამ უნდა გაითავისოს,“ – განაცხადა ირაკლი კილაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოების მეტი ინფორმირებულობაა საჭირო.
„გარდაცვლილთა 98% არავაქცინირებულია. სხვა რა მაგალითი უნდა მოვიტანო? საქართველოში მოსახლეობის ინფორმირებულობის პრობლემაა. ისრაელის წინა პრემიერმა პირველმა გაიკეთა ვაქცინა, ვაქცინებს აეროპორტში დახვდა. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას მეტი ჩართულობისკენ და მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობისკენ. არ შეიძლება, ორმაგი სტანდარტები არსებობდეს – მოვუწოდებდეთ მოსახლეობას, არ შეიკრიბონ და ვინც რეგულაციაზეა პასუხისმგებელი, ის არღვევდეს ამ რეგულაციებს. ისრაელში ვაქცინის მოპოვება დავალებული ჰქონდა საგარეო დაზვერვას, ვაქცინაციაზე და რეგულაციების აღსრულებაზე კი კონტრდაზვერვა იყო პასუხისმგებელი. ვისურვებდი, საქართველოში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე ექიმებს მეტი გავლენა ჰქონდეთ.“ – აღნიშნა ირაკლი კილაძემ.
მისი თქმით, საქართველომ ძალიან გვიან დაიწყო საუბარი ვაქცინაციაზე – დეკემბერში ისრაელში უკვე ვაქცინაცია მიმდინარეობდა, საქართველოში კი იმუნიზაციაზე საუბარი მხოლოდ თებერვალში დაიწყეს.
მედიკოსის განცხადებით, ახლა საქართველოსთვის გამოსავალია კარდაკარ სიარული და მოსახლეობის ამ გზით ვაქცინაცია. ასევე, აკრძალული უნდა იყოს ნებისმიერი შეკრება, გამონაკლისი შესაძლოა იყოს 50-100 ადამიანის შეკრება გარკვეულ სივრცეში. კილაძის შეფასებით, ეპიდემიის მართვა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია.
„მთავრობას ვთხოვ, შეიცოდოს ჩვენი სამედიცინო საზოგადოება, რომელიც 2 წელია კოვიდს ებრძვის, გამოიფიტებიან და შეიძლება მალე არც ექიმი დაგვრჩეს და არც ექთანი. ყველგანაა პოლიტიკა, ისრაელშიცაა, მაგრამ ვისურვებდი ნაკლები პოლიტიკა იყოს და მეტი ფიქრი ხვალინდელ დღეზე, საზოგადოებაზე. ისრაელში ერთ დღეში 605 ახალი შემთხვევაა, გაკეთდა 86 ათასი ტესტი, ანუ 0,7 პროცენტია ინფიცირების მაჩვენებელი. გარდაიცვალა 3 პაციენტი. მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია და შეგნება – ესაა გამოსავალი. შენ თავს თუ არ უფრთხილდები, უნდა გაუფრთხილდე დედას, პატარებს. ისრაელში უკვე 5 წლის ბავშვების აცრა იწყება. მატარებელი მიდის და დროზე უნდა დავეწიოთ, თორემ დიდი კატასტროფის წინაშე დავდგებით,“- განაცხადა ირაკლი კილაძემ.