ადამიანების რომელი კატეგორიაა ვაქცინაციის შემთხვევაში დაინფიცირების რისკის ქვეშ? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, რომელიც ცენტრის საიტზეა გამოქვეყნებული, ორჯერადად ვაქცინირებული პირების დაინფიცირების რამდენიმე შესაძლო ახსნა არსებობს. ადამიანის იმუნური პასუხი განსხვავებულია, ისევე, როგორც აღნიშნული პასუხის ეფექტურობა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემები, გარკვეული მედიკამენტების მიღება (მაგ: იმუნოსუპრესანტები) ან ასაკი.
ასაკობრივი ჯგუფი
ხანდაზმულ ასაკში ადამიანის იმუნური სისტემა ვეღარ რეაგირებს ახალ ანტიგენებზე (ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერება, რომელიც აიძულებს თქვენს იმუნურ სისტემას გამოიმუშაოს ანტისხეულები მასთან საბრძოლველად) და ვაქცინებზე, ისე როგორც ახალგაზრდა ასაკში. კვლევის მონაცემების თანახმად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომ ხანდაზმულ და ახალგაზრდა პირებში გამანეიტრალებელი ანტისხეულების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება.
ახალი შტამები
ვაქცინირებული პირების დაინფიცირების კიდევ ერთი მიზეზი ვირუსის ახალი შტამების გავრცელებაა, რომლებიც „უსხლტებიან“ იმუნიტეტს და ვაქცინირებულ პირებშიც კი იწვევენ დაავადებას. ზოგადად ვირუსებისთვის, განსაკუთრებით კი რნმ ვირუსებისთვის, როგორიცაა SARS-CoV-2, დამახასიათებელია მუტაცია და ახალი შტამების წარმოქმნა, რომელთაგან ზოგი შეიძლება უფრო ადვილად გადამდები იყოს.
მიუხედავად ამისა, ეს ახალი შტამებიც შეიძლება მეტ-ნაკლებად ეფექტურად განეიტრალდეს იმუნური სისტემის მიერ, რადგან მუტაციის შედეგად ნაკლებად იცვლება ვირუსის ის ნაწილები, რომელთა ამოცნობაც ანტისხეულებსა და T უჯრედებს შეუძლიათ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ყველაზე დიდ საფრთხეებს.
„მნიშვნელოვანია ვაქცინების ეფექტურობის სწორი გაცნობიერება. არც ერთი ვაქცინა არ უზრუნველყოფს აცრილთა აბსოლუტურ დაცვას ინფიცირებისაგან, თუმცა იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობის, საშიში გართულებებისა და სიკვდილისაგან.
მაგალითად, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა ინფიცირებისაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა, რამაც ზოგიერთ ქვეყანაში ინფექციის სრულ აღმოფხვრას შეუწყო ხელი. მიუხედავად ამისა, წითელას ვირუსით ინფიცირების შემთხვევები მაინც ფიქსირდება, მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ვაქცინირებულია. წითელათი ინფიცირების შემთხვევები გვხვდება არა მხოლოდ არავაქცინირებულებში, არამედ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებშიც.
ასევე, მაგალითად, სეზონური გრიპის ვაქცინა ვირუსის გავრცელებული ფორმებისაგან (შტამები) გვიცავს, მაგრამ, შესაძლოა, სეზონზე გავრცელდეს გრიპის ვირუსის განსხვავებული შტამები და ვაქცინირებული ადამიანები მაინც დაავადდნენ. ასეთ შემთხვევებში ვაქცინირებულებში, არავაქცინირებულებისაგან განსხვავებით, დაავადება ნაკლებად მძიმე ფორმით ვლინდება ,“ – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
მისივე ინფორმაციით, სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევაში, რომელიც ჯერჯერობით არ არის განხილული სხვა მეცნიერების მიერ, აღწერილია COVID-19-ით ინფიცირების 189 შემთხვევა 22,729 ვაქცინირებულ ჯანდაცვის წარმომადგენელში. აქედან ნაწილი არასრულ ვაქცინაციას უკავშირდება. კვლევა ადასტურებს, რომ ვაქცინაციის შემდგომ დაინფიცირების შემთხვევაში დაავადების მძიმედ მიმდინარეობის ნაკლები შანსია.
რატომ უნდა ავიცრათ? – ამ კითხვაზე პასუხისას დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღნიშნავს, რომ მართალია, სრულად ვაქცინირებულები, იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა COVID-19-ით ისევ დაინფიცირდნენ, თუმცა დაავადება გაცილებით მსუბუქი ფორმით განვითარდება. „ამიტომ მნიშვნელოვანია ინფორმაციამ, ვაქცინირებულის კოვიდით შესაძლო დაინფიცირების შესახებ, საზოგადოებაში არ გამოიწვიოს დაბნეულობა და არ გახდეს ვაქცინაციაზე უსაფუძვლო უარის თქმის მიზეზი,“ – აცხადებენ ცეტრში.