1 აპრილიდან საქართველოს ფაიზერის ვაქცინის ახალი პარტია ექნება. შესაბამისად, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის წყვეტა არ იქნება. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინის გამოუყენებელი დოზები დარჩება.
როდის და რამდენი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, ივანე ჩხაიძეს არ დაუკონკრეტებია. ინფორმაციას, გაუთქმელობის პირობის გამო, არც ჯანდაცვის სამინისტროში გასცემენ.
ივანე ჩხაიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ციფრები, რომლებიც დღეს გვაქვს, კიდევ უფრო შემცირდება.
თუმცა, მისივე განცხადებით, ახალი შტამის გამოჩენის რისკი არ მოხსნილა და ჯერჯერობით არც პანდემიის დასასრულზე საუბარი შეგვიძლია.
ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ევროპისა და სამხრეთ აზიის რამდენიმე ქვეყანაში ახლა ინფიცირების პიკური მაჩვენებელია. ამ ქვეყნებს შორისაა გერმანია, სამხრეთ კორეა, ჰონგკონგი.
ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ უნდა დაველოდოთ შემდეგ თვეებს. კორონავირუსის ბოლო ვარიანტი 2021 წლის 26 ნოემბერს გამოჩნდა და მას შემდეგ დღემდე ახალი სახეობა არ გამოჩენილა. თუმცა ჩხაიძე აცხადებს იმასაც, რომ ასეთი ხანგრძლივობა სხვა პერიოდშიც ყოფილა, როცა რამდენიმე თვე სიწყნარე იყო და შემდეგ ახალი შტამი გამოჩნდა. შესაბამისად, მედიკოსის განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში კოვიდ 19-ის ახალი მუტაცია გამოჩნდეს.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბევრია ქვეყანა, სადაც მოსახლეობა დიდია, ვაქცინირებულთა რაოდენობა კი – მცირე და სწორედ ასეთ ქვეყნებშია ახალი მუტაციის განვითარების საფრთხე.