არსად მსოფლიოში ფაზების მიხედვით იზოლაციის ვადებს არ ადგენენ და ეს არაა საკითხი, რომელიც მოქალაქეებისთვის ინტერესის საგანს უნდა წარმოადგენდეს – ამ განმარტებას იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით აკეთებს.
შეგახსენებთ: ბოლო დღეების განმავლობაში ფეისბუქ მომხმარებელთა ნაწილი წერს, რომ იზოლაციის გასვლის შემდეგ აუცილებელია პისიარ ტესტირების ჩატარება და დადებითი პასუხის შემთხვევაში ადამიანმა უნდა გაიგოს ვირუსის ფაზა. ფეისბუქის მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ თუ ფაზა 30-ის ქვევითაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი გადამდებია და მისი იზოლაციიდან გასვლა სხვა ადამიანებისთვის საფრთხის შემცველია.
ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ არცერთ გაიდლაინში და არცერთ უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურაში მას არ უნახავს ჩანაწერი ფაზების მიხედვით ვირუსის გადამდებლობის და იზოლაციის ვადების განსაზღვრის შესახებ.
„მსოფლიოში ასეთი რამ არსად ხდება. მსოფლიოში იზოლაციის ვადა 5 დღეა და არცერთი სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს საფრთხის ქვეშ არ დააყენებდა. ყველა ქვეყანა ასე აკეთებს. შესაძლოა ეს ლაბორატორიის მარკეტინგი იყოს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განსაზღვრულია 5-დღიანი იზოლაცია,“- აცხადებს ჩხაიძე.
მისი თქმით, 7-დღიანი იზოლაციის შემდეგ ადამიანს, თუკი ის უსიმპტომოა ბოლო 24 საათის განმავლობაში, სრულიად თავისუფლად შეუძლია იზოლაციიდან გასვლა და სხვა ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ივანე ჩხაიძე გამოთქვამს იმედს, რომ ამ საკითხზე საუბარი მალევე დასრულდება ისე, როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში მოხდა. მისი თქმით, უნდა ვიხელმძღვანელოთ მსოფლიო გაიდლაინებით და სამედიცინო პროფესიონალების დასკვნებით და არა სხვადასხვა ადამიანის ფეისბუქ-პოსტებით.
შეგახსენებთ: 10 თებერვლიდან საქართველოში იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა.
სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის (სამედიცინო დაწესებულებები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები; შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები და სხვა) COVID-19-ის ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობისას, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, დამსაქმებლის მითითების გათვალისწინებით, იზოლაცია სრულდება ინფიცირების დადასტურებიდან მე-6 დღეს. იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება.
ყველა სხვა ასიმპტომური ან მსუბუქი პაციენტებისთვის იზოლაცია სრულდება Covid-19-ის დადასტურებიდან 7 კალენდარული დღის შემდეგ. ამ შემთხვევაში, არ არის საჭირო ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან მსუბუქი სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან 5 დღე ნიღბის ტარება კვლავ მკაცრად რეკომენდირებულია.
საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა რჩება უცვლელი და განისაზღვრება დამადასტურებელი სინჯის აღებიდან მინიმუმ 10 კალენდარული დღით. სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის გამოყენება.
იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი.