რამდენიმე კლინიკაში ინფექციების კონტროლის კუთხით სამწუხარო და სავალალო მდგომარეობაა – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აუდიტის სამსახურის და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მხრიდან რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ხორციელდება შემოწმება ინფექციების კონტროლის, ასევე პროტოკოლებისა და გაიდლაინების სწორად მკურნალობის შესწავლის და ფინანსური კუთხითაც.
„სახელმწიფო კოვიდის დროს სრულად უზრუნველყოფდა ფაქტიური დანახარჯის მიხედვით ნებისმიერი პაციენტის მკურნალობის თანხების ანაზღაურებას. სამწუხაროდ, იკვეთება ისეთი შემთხვევები, როდესაც არაკეთილსინდისიერად ხდებოდა ფაქტიური ანგარიშგებების წარმოდგენა და ასევე რამდენიმე კლინიკაში იკვეთება, რომ არის ძალიან სამწუხარო და სავალალო მდგომარეობა ინფექციის კონტროლის კუთხით, ზოგიერთში საერთოდ მოშლილია და სახეზეა სისტემური პრობლემები, რაც სამწუხაროდ კოვიდმა კიდევ უფრო გამოავლინა. ამიტომ იმ დატვირთულობის ფონზე, რაც კლინიკებს ჰქონდათ 2 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, ამ რეალობამდე ვართ დღეს მისული. მინდა დავაზუსტო ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ინფექციების კონტროლის კუთხით იქნება, მკურნალობის სწორად მართვის თუ ფინანსური კუთხით, ეს არ იქნება ერთჯერადი ხასიათის, ამას ექნება სისტემური სახე და ჩვენი თანამშრომლები მიცემული რეკომენდაციების საფუძველზე იმ კონკრეტულ ვადებში ხელმეორედ მივლენ და შეამოწმებენ ამა თუ იმ კლინიკას, სანამ არ მოწესრიგდება მდგომარეობა და არ ვიქნებით თვდაჯერებულები, რომ მოქალაქეები მკურნალობენ უსაფრთხო გარემოში და სახელმწიფოსგან და ბიუჯეტიდან სწორად ხდება ანაზღაურება იმის მიხედვით, რა პროცედურა და მკურნალობა ჩაუტარდა პაციენტს,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
კლინიკებში ნოზოკომიური, ანუ შიდა ინფექციების კონტროლის კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძემ განაცხადა, რომ ზოგ შემთვევაში პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს ისეთი კლინიკებიც, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია.
„საქართველოში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულების გამოსწორებაზე კლინიკებთან მუშაობს, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არაა საკმარისი და ამ ხარვეზების გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანია, კვლავ ჩაგვერთო საერთაშორისო ექსპერტები და ისინი ნოემბერში ჩაერთნენ; გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია; არ ვასაჯაროებთ, მაგრამ კლინიკებთან ვმუშაობთ პირისპირ, რომ გაითვალისწინონ მათთან არსებული ხარვეზები და მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, რადგან ხშირ შემთხვევაში არათუ covid-ი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის მიზეზი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.