პანდემიის მწვავე ფაზის დასრულების მიუხედავად, პოსტკოვიდური გართულებები ისევ აქტუალურია და კლინიკების, მათ შორის ყოფილი კოვიდკლინიკების ნაწილი ამ მიმართულებაზეც გადაერთო. მათ შორისაა მცხეთის სამედიცინო ცენტრი, რომელიც კოვიდკლინიკა იყო და ახლა ჰიბრიდულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის ლიკა მუმლაძის განცხადებით, მათ პოსტკოვიდური განყოფილება აამოქმედეს, სადაც კოვიდგადატანილ პაციენტებს მკურნალობენ, რომლებსაც უტარდებათ კომპლექსური კვლევები, იღებენ სპეციალისტების დახმარებას. რაც შეეხება გართულების სიმპტომატიკას, ლიკა მუმლაძე საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა ანემიის, კერძოდ კი რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევები კოვიდგადატანილ პაციენტებში. ასევე იკვეთება მწვავე ნევროლოგიური სიმპტომები, რაც ძირითადად თავბრუსხვევაში გამოიხატება.
„პოსტკოვიდური გართულებები მრავალფეროვანია – ბევრ პაციენტში გამოვლინდა გულსისხლძარღვთა, სისხლის პათოლოგიები, ჩემს პრაქტიკაში ძალიან ხშირია ანემია, წამოვიდა ნევროლოგიური სიმტომები – თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა. ამ სიმპოტომებით პაციენტები მოგვმართავენ როგორც ამბულატორიულად, ისე ჰოსპიტალშიც,“ – აღნიშნა ლიკა მუმლაძემ.
რაც შეეხება კოვიდპაციენტების მიმართვიანობას, მისი თქმით, ბოლო პერიოდში სტატისტიკა გაიზარდა და კვირაში 4-5 ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო.
„მძიმე მიმდინარეობა არ იკვეთება, თუმცა ერთეული შემთხვევებია, როცა პაციენტებს სჭირდებათ ინტენსიური მეთვალყურებობა. ფართო მასებში ეს დაავადება მიმდინარეობს მაღალი ცხელებით, ყელის ტკივილით, სურდოთი. ხშირია შორეული გართულებები: გვქონია შემთხვევები, როდესაც სიმპტომების ალაგებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ცხელება და სუნთქვის გაძნელება თავიდან იწყება. აქ უკვე ვხვდებით გართულებულ კლინიკურ გამოვლინებებს. ამიტომ პაციენტებმა ყურადღება უნდა გამოიჩინონ, უნდა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა, ინფიცირებული უნდა იყოს იზოლირებულად და ამბულატორიულ რეჟიმში, დაკვირვების ქვეშ,“- აღნიშნა ლიკა მუმლაძემ.