თუ წელს ქვეყნის ზრდასრული მოსახლების 60%-ის აცრა მოხერხდება, ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიას წერტილი დაესმება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჩინური ვაქცინის პრეზენტაციაზე განაცხადა. შეგახსენებთ, რომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა ქვეყანამ შაბათს მიიღო. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მასობრივი ვაქცინაციის გარდა, ქვეყანაში ეპიდემიის დასრულების სხვა გზა არ არსებობს.
„ჩვენი იარაღი კოვიდთან ბრძოლაში ფართოვდება. ესაა მესამე ვაქცინა, რომელიც ქვეყანამ მიიღო. პირველი იყო კოვაქსის საშუალებით მიღებული „ასტრაზენეკა“, ასევე „ფაიზერი“, და ახლა უკვე ჩინური სინოფარმის მიერ წარმოებული ვაქცინა. ვფქრობ, ვაქცინების მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს ვაქცინაციის გაფართოებას, რადგან პანდემიის და ჩვენ ქვეყანაში კი ეპიდემიის დამარცხების გზა გადის ვაქცინაციაზე. ამის საუკეთესო მაგალითებია ქვეყნები, სადაც ვაქცინაცია ფართო მასშტაბითა მიმდინარეობს. ამის საუკეთესო მაგალითია დიდ ბრტანეთი და რამდენიმე ქვეყანა, სადაც სიკვდილიანობამ და მძიმე შემთხვევების რისკმა რადიკალურად იკლო. ბრიტანეთში სიკვდილიანობა მინიმუმამდე დავიდა იმის გამო, რომ ვაქცინაციის პროცესი ფართოდ მიმდინარეობს და ერთი დოზით მოსახლეობის 50% აცრილია. დღეც გვექნება საშუალება, პროცესი კიდევ უფრო გაფართოვდეს, მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს რაც შეიძლება მალე და ის ეპიდვითარება, რომელიც ბოლო 20 დღის განმავლობაში ქვეყანაში უარესდება ისევე როგორც ევროპის რიგ ქვეყნებში, შევაჩეროთ და შევაკავოთ. დილის მონაცემებით გვაქვს 248 შემთხვევა, მაგრამ კვირას ტესტირებების რაოდენობა ვარდება, გაკეთებულია 9211 ტესტია და შესაბამისად, დადებითობა 2,48%-ია,“ – განაცხადა გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „სინოფარმით“, რომელიც უნგრეთის მარეგულირებლის მიერაა აღიარებული, მსოფლიოში უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი. მისი ინფორმაციით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები და სწორედ ამის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, როდის იქნება შესაძლებელი მასობრივი ვაქცინაციის დაწყება.