თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ დატოვებს. ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, საქმის და სისტემის, არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, მას ცერცვაძესთან რამდენჯერმე ჰქონდა კონტაქტი, როდესაც თანამდებობიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.
“თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექიმია. მე მასთან მუდმივად მაქვს კონტაქტი, გიდასტურებთ, რომ ამ განცხადების შემდეგაც მქონდა კონტაქტი. ვფიქრობთ, ეს საკითხი გადაწყვეტილია. თანამდებობას არ დატოვებს. ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, საქმის და სისტემის, არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს”,- განაცხადა გამყრელიძემ.
თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია 4 მაისს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ის არ დადასტურებულა.
იმავე დღეს ცერცვაძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ სამსახურიდან წასვლას ნამდვილად გეგმავს და ამის მიზეზები ასე ახსნა:
„ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ).
კერძოდ, მაგალითად ცდილობენ დამაბრალონ, რომ სხვებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი COVID-ის მართვისთვის გამყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში???!!! მაშინ, როდესაც მთელი პანდემიის მანძილზე ჩემი შემოსავალი არცერთი მხრიდან 1 ლარითაც კი არ გაზრდილა. უფრო მეტიც – იმ დანამატსაც კი არ ვიღებდი, რომელიც COVID ავადმყოფებთან მუშაობისთვის მეკუთვნოდა (რათა სხვებს არ დაკლებოდა), მხოლოდ დატვირთვა და ჯანმრთელობისთვის საფრთხე გაიზარდა და თან ძალიან სერიოზულად. და საერთოდ, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მე ჩემი ხანგრძლივი საექიმო საქმიანობის მანძილზე არცერთი ავადმყოფისგან არასდროს კანონიერი ჰონორარიც კი არ ამიღია.“
შეგახსენებთ, რომ კოვიდ-პანდემიის პერიოდში კლინიკებში არსებული ფინანსური და სხვა დარღვევების შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გააკეთა.