მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ამირან გამყრელიძე: ნუ გავთამამდებით იმით, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქია, კვალი აუცილებლად დარჩება

ამირან გამყრელიძე: ნუ გავთამამდებით იმით, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქია, კვალი აუცილებლად დარჩება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა რეალურად აღნიშნული შტამით ინფიცირების მაჩვენებელი შესაძლოა, ოთხჯერ მეტი იყოს.

„147 შემთხვევიდან 18 წლამდე ასაკის 14 მოზარდია, სტაციონარში მოთავსდა ხუთი, მაგრამ მოთავსების მიზეზი „ომიკრონი“ იყო მხოლოდ ორ შემთხვევაში, დანარჩენში მიზეზი იყო კოვიდთან ერთად თანმხლები დაავადებები. 147 პაციენტის კლინიკური მდგომარეობა შედარებით მსუბუქია – მიმდინარეობს ზომიერი ტემპერატურით, ყელის ტკივილით და ხველებით, სუნთქვის უკმარისობა და ინტენსიური თერაპიის საჭიროება არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს, ბუსტერ დოზებით აიცრან.

„147 დადასტურებული შემთხვევიდან 16% კოვიდგადატანილია, ასევე, საკმაოდ აქტიურად ემართებათ სრულად აცრილებს, ამ შემთხვევების 60% აცრილებში გვაქვს. ამიტომ „ომიკრონის“ გავრცელების შესაკავებლად ბუსტერიზაცია არის მთავარი რეკომენდაცია. რაც მეტი ბუსტერი გაკეთდება ქვეყანაში, მით ნაკლები იქნება შემთხვევების რაოდენობა და უფრო მსუბუქი. ამიტომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავცრათ მოსახლეობა. ნუ გავთამამდებით იმით, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქია და კვალს არ დატოვებს, არა – კვალი აუცილებლად დარჩება. ამიტომ სამჯერადი ვაქცინაცია სერიოზულად დაგვიცავს „ომიკრონისგან“. ასევე, მნიშვნელოვანია ყველა სივრცეში პირბადის ტარება, დისტანცია და თავშეყრებისგან თავის არიდება. დეკემბერში, როცა პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა საეჭვო შემთხვევიდან „ომიკრონი“ ამოდიოდა 2-3 შემთხვევაში, დეკემბრის ბოლო კვირაში ეს მაჩვენებელი გახდა 50 %. ასე რომ, ზრდა საკმაოდ სერიოზულია და ვფიქრობთ, რომ სადღაც 2-3 კვირის განმავლობაში ის უკვე იქნება დომინანტი შტამი.

მსოფლიოს რომ გადავხედოთ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში შემთხვევათა რაოდენობა აჭარბებს მილიონს, ასეთი სტატისტიკა სხვა შტამების დროს არ ყოფილა, მაქსიმუმი იყო 900 ათასამდე, მაგრამ აღსანიშნია ისიც, რომ არ იმატებს სიკვდილიანობა. პირიქით, სიკვდილიანობის შემცირების ტენდენცია თანდათობით გრძელდება. თუმცა, ერთდროულად შემთხვევების დიდი რაოდენობა თუ იქნება, შეიძლება, მოხდეს როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული სექტორის გადატვირთვა, მაგრამ ჯერ უნდა დავაკვირდეთ. ჯერჯერობით 4 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანია სტაციონარში და კიდევ ერთი ამდენის რესურსი აქვს ქვეყანას. ჩემი აზრით, „ომიკრონის“ მართვა ძირითადად იქნება ონლაინ კლინიკების, ამბულატორიების და პოლიკლინიკების პასუხისმგებლობა, რადგან „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე დელტა შტამი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, საახალწლო პერიოდში მობილობა სერიოზილად არის გაზრდილი და ბევრი ღონისძიება ჩატარდა, ზოგიერთ ადგილას რეგულაციების დაცვით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ნაკლებად იყო დაცული.

„პირველი ორი კვირა მოგვცემს სერიოზულ ინფორმაციას, რა უნდა გამკაცრდეს და გამკაცრდეს თუ არა. ჩვენ წელს, მომავალ 6 თვეში გაცილებით მეტი ადამიანი უნდა ავცრათ, ვიდრე ავცერით, ეს მიზანი ძალაშია, რადგან აცრების გარეშე პანდემიას ვერ დავამარცხებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

1tv.ge

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …