დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე დადასტურებულია, რომ ივლისის პირველ კვირაში ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა რამდენიმე დასახელების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
მისივე თქმით, ივლისში სერიოზულად უნდა გაიზარდოს აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი, რისთვისაც ქცეყანა სერიოზულად ემზადება.
„უკვე დადასტურებულა ინფორმაცია, რომ ივლისის პირველ კვირაში ალბათ ქვეყანაში თანდათან შემოვა საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების, რამდენიმე დასახელება, მათ შორის 43 000 დოზაც, რომელიც ვერ შემოვიდა „კოვაქსის“ პლატფორმიდან. ივლისში ჩვენ უკვე სერიოზულად უნდა გავზარდოთ აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი, რისთვისაც როგორც იცით, ქვეყანა სერიოზულად ემზადება. იზრდება ბრიგადების რაოდენობა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კიდევ უნდა გაიზარდოს. უკვე პირველი დიდი ამცრელი სივრცე „ჰუალინგის“ სავაჭრო ცენტრში გაიხსნა, რაც თანდათან უმატებს აცრების ინტენსივობას, ასევე დიდი სივრცეები იქნება დიდ ქალაქებში. ამდენად, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ივლის-აგვისტო-სექტემბერში აიცრას მოსახლეობის დიდი რაოდენობა, რისთვისაც ვადასტურებ, რომ მყარ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვაქცინების რაოდენობა იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.
ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო რამდენიმე კვირაში ამერიკიდან დონაციის სახით ვაქცინების მნიშვნელოვან რაოდენობას მიიღებს.
გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი აღარ შეიქმნება.
„გუშინ იყო სერიოზული დისტანციური შეხვედრა. იცით, რომ პრეზიდენტ ბაიდენის განცხადების შემდეგ მთელმა რიგმა ქვეყნებმა ამერიკიდან დახმარება უნდა მიიღონ, მათ შორის მიიღებს საქართველო. ვაქცინების დოზების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მაქვს, თუმცა არ დავასახელებ, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამაზე დაიწყო მოლაპარაკება და სულ რამდენიმე კვირაში უკვე საქართველო ალბათ ამ დონაციის პირველ პარტიებს მიიღებს. ამიტომ ვფიქრობთ და დარწმუნებული ვართ, რომ ვაქცინების დეფიციტი, ის მწარე გამოცდილება, რაც ქვეყანაში შეგვექმნა ბოლო 4-5 დღის განმავლობაში, აღარ უნდა განმეორდეს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.