პირებს, რომლებსაც კორონავირუსის ინდურის შტამი დაუდასტურდათ, კონტაქტები ჰქონდათ და ისინი ამ ეტაპზე იზოლირებულნი არიან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ, ცენტრში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 5 შემთხვევიდან 2 ადამიანი საქართველოს მოქალაქეა, მათი კონტაქტები მოძიებულია და იზოლაციაში იმყოფებიან, თუმცა ისინი ოჯახის წევრები არიან და მათი რაოდენობა ერთეულებია. გამყრელიძის განცხადებით, ინდური შტამი აღნიშნულ პირებს ვირუსის ახალი შტამი პისიარ-ტესტირებითა და გენომის სეკვენირებით დაუდასტურდათ. 5-ვე მათგანი მაისის შუა რიცხვებში, ერთი და იგივე ქვეყნიდან შემოვიდა, რომელსაც ამირან გამყრელიძე არ ასახელებს. მისი თქმით, მათ უცხოეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. სამ მათგანს ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში, უკან დაბრუნებისას პისიარ ტესტირებისას დაუდასტურდა კორონავირუსი. ამ დღეების განმავლობაში კი ისინი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ამ ეტაპზე ისინი სამშობლოში იმყოფებიან.
“ნუ დავპანიკდებით. ვირუსმა წელიწადნახევრის განმავლობაში მუტაცია განიცადა… უნდა ველოდოთ, რომ გარკვეული შტამები ქვეყანაში გამოჩნდეს, ამიტომ პირბადეს ჩვენ დიდი ხანი ვერ მოვიხსნით. პირბადე არის პანდემიასთან ბრძოლის მთავარი იარაღი” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და მოსახლეობას მოუწოდა უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ. ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი ალბათობით, ბრიტანული შტამი, განსაკუთრებით ევროპაში, შესაძლოა ჩაანაცვლოს ინდურმა შტამმა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ყველა ვაქცინა, რომელიც საქართველოში ადმინისტრირდება, ინდური შტამის მიმართაც ეფექტიანია.