COVID-19-ის ვაქცინის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს ახალი ვალდებულება ეკისრებათ.
შესაბამისი დადგენილება, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 9 ივნისს გამოქვეყნდა, ითვალისწინებს „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანას. ცვლილების თანახმად, ამცრელმა დაწესებულებამ უნდა ჩამოაყალიბოს მობილური ბრიგადა, რომელიც მის მიერვე იდენტიფიცირებული ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე ბენეფიციარებს აცრის სერვისს ადგილზე მიაწვდის.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, ასეთმა ბრიგადამ უნდა უზრუნველყოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის აცრის სერვისის ადგილზე მიწოდება, იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება პენიტენციურ დაწესებულებასთან არსებული კონტრაქტის ფარგლებში წარმოადგენს ამ ბენეფიციარებისათვის სხვა გეგმური და არაგეგმური სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებას.
მოქმედი კანონმდებლობით, გამსვლელი ბრიგადის მიერ შესაბამისი სამიზნე ჯგუფის (ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე ბენეფიციარები, რომლებსაც აცრის სერვისი ადგილზე მიეწოდება) პირველი დოზით აცრის მომსახურების ღირებულება 6.75 ლარს, ასევე მეორე დოზით აცრის მომსახურების ღირებულება 6.75 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ივლისიდან საქართველო მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება. იგეგმება 4 დიდი ცენტრის შექმნა, რომელიც დღეში ათასობით ადამიანის აცრას შეძლებს. ასევე განიხილება ვაქცინაციის გაშლა საგამოფენო და სპორტულ სივრცეებში, რიგის დაჯავშნა კი შესაძლებელი იქნება როგორც ელექტრონულად, ისე ადგილზე მისვლით.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გეგმაშია ყოველთვიურად 600-700 ათასი ადამიანის აცრა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ეპიდსიტუაციის გართულების და ძლიერი მეოთხე ტალღის საშიშროება ნაკლები იქნება.