ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური ტარიფების ინდექსაციასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
შეგახსენებთ: გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ “დიარჯის“ ამოქმედებამდე ტარიფების ინდექსაცია არ იქნება. მანამდე კი მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა, რომ ივლისისთვის შემუშავებული იქნება რეანიმაციის ახალი სტანდარტები და რომელი სამედიცინო დაწესებულებაც დააკმაყოფილებს მათ, ის მიიღებს განახლებულ, ინდექსირებულ ტარიფებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. მისი თქმით, ეს მოხდება რეანიმაციულ სერვისებზე, დიარჯის ამოქმედებამდე.
დღეს ღუდუშაური აცხადებს, რომ ამ მიმართულებით სამინისტრო გეგმის მიხედვით მოქმედებს და ფიქრობს, რომ სექტემბრის თვეში დიარჯის სისტემა ეტაპობრივად გაეშვება, წლის ბოლომდე კი სრულად იქნება მოცული და საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში სერვისების ღირებულება მთლიანად დიარჯის მეთოლოდოლოგიით ანაზღაურდება.
„დიარჯის მეთოდოლოგია არის გადახდის მეთოდოლოგია და საერთოდ არავითარ კავშირში არ არის საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან და სერვისების ხელმისაწვდომობასთან. ამ მიმართებით მოსახლეობისთვის არაფერი იცვლება და საერთო ჯამში სერვისებზე იგივენაირად გაგრძელდება ხელმისაწვდომობა. უბრალოდ შეიცვლება ის მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც კლინიკებს აუნაზღაურდებათ გაწეული სერვისები. ბოლო ორ წელიწადში კლინიკურ სექტორზე ძირითადი დატვირთულობა ძირითადად იყო კოვიდის მიმართულებით და პანდემიიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო მათ ფაქტიური ხარჯებით უხდიდა და არა რაიმე ტარიფით, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ხარჯებს, რომლებსაც კლინიკები წევდნენ, სამინისტრო მთლიანად უნაზღაურებდა და დამატებით უნაზღაურებდა საწოლფონდის თანხას, რომელშიც უნდა შესულიყო როგორც მათი მოგება, ისე სხვა დანარიცხებიც, რაც სერვისის ოპერირებასთანაა დაკავშირებული. თვეების განმავლობაში ძირითადი მოთხოვნა, რაც ჩვენთან შემოდიოდა ჰოსპიტალური სექტორის მხრიდან, ეხებოდა 520-ე დადგენილებით ანაზღაურებად სერვისებს, ესაა კარდიოლოგია და რეანიმაცია, რომლებზეც სხვადასხვა კლინიკური ასოციაცია ინდექსაციას ითხოვდა, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროს პრინციპული და ობიექტური მოთხოვნა იყო, რომ განახლებული და ინდექსირებული ტარიფის შეთავაზება მოხდებოდა მხოლოდ იმ კლინიკებისთვის, რომლებიც განსხვავებულ, გაუმჯობესებულ სერვისს შესთავაზებდნენ პაციენტებს. რამდენიმე თვეა გრძელდება კონსულტაციები ამ ასოციაციებთან, თუმცა სამწუხაროდ, კლინიკების მხრიდან კონკრეტულ კონკრეტულ შეთავაზებაზე პასუხი და შეჯერებული პოზიცია, რომ ისინი ამ განახლებულ და გაუმჯობესებულ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, ჯერჯერობით კვლავ არ გვაქვს. რადგანაც უკვე დიარჯი მეთოდოლოგიაზე გადასვლა მოახლოვდა და ფაქტობრივად თვენახევარში ვგეგმავთ, იგივე რეანიმაციული და კარდიოლოგიური მიმართულებით დიარჯიზე გადავალთ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ინდექსაცია აზრს მოკლებულია. თუმცაღა თუ ამ თვენახევრის განმავლობაში რომელიმე კლინიკა ამ განახლებულ სტანდარტს დააკმაყოფილებს, ჩვენ განსხვავებული ტარიფის შეთავაზებას კვლავ ძალაში ვტოვებთ. თუმცა რეალობიდან რომ გამოვიდეთ, ეს თითქმის შეუძლებელია, რადგანაც განახლებული სტანდარტი მოითხოვს როგორც შინაარსობრივ, ისე ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას, რასაც დრო სჭირდება და ფიზიკურად წარმოუდგენელია, რომ სექტემბრამდე რომელიმე კლინიკამ დააკმაყოფილოს ეს სტანდარტი. თუმცა თუ ასეთი მოთხოვნა დადგება და რომელიმე კლინიკა ამ სტანდარტს დააკმაყოფილებს, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ განსხვავებული ტარიფის შეთავაზება შეგვიძლია. ეს ეხება მხოლოდ რეანიმაციას, “ – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.