მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ახალი კვლევა: Astrazeneca-ს ვაქცინა ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე გართულებებისგან 100%-ით იცავს

ახალი კვლევა: Astrazeneca-ს ვაქცინა ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე გართულებებისგან 100%-ით იცავს

ასტრაზენეკას COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზამ, რომელიც კომპანიამ აშშ-ში ჩაატარა, აჩვენა, რომ კორონავირუსის სიმპტომური პროფილაქტიკისას პრეპარატის ეფექტიანობა 79%-ია, ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე დაავადების პროფილაქტიკის კუთხით კი მისი ეფექტიანობა 100%-ს უტოლდება. ინფორმაციას კომპანია საკუთარ ოფიციალურ საიტზე აქვეყნებს.

ინფორმაციის თანახმად, ეს შუალედური ანალიზი  დამყარებულია 32449 მონაწილის მონაცემებზე, რომელთა შორის 141 სიმპტომური შემთხვევაა. კომპანია ასევე აცხადებს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა ერთნაირი იყო სხვადასხვა ეროვნებისა და ასაკის ადამიანებში. ამასთან, 65 წლის და უფროსი ასაკის მონაწილეების შემთხვევაში ვაქცინის ეფექტიანობა 80%-ს აღწევს.

შვედური კომპანიის განცხადების თანახმად, ვაქცინა კარგად გადაიტანება და მონაცემთა უსაფრთხოების მონიტორინგის დამოუკიდებელი კომისიის განცხადებით, მათ არ გამოუვლენიათ უსაფრთხოების არანაირი პრობლემა, რომელიც ამ ვაქცინას უკავშირდება. კომისიამ დამოუკიდებელ ნევროლოგთან ერთად ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგადაც თრომბოზის მომატების არანაირი რისკი არ გამოვლენილა.

საიტზე მოყვანილია BioPharmaceuticals-ის სპეციალისტის მენე პანგალოსის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ ახალი კვლევები ავსებს მზარდ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ ვაქცინა კარგად გადაიტანება და COVID-19-ის ყველა ხარისხის სიმძიმისა და ასაკობრივ ჯგუფში მაღალეფექტიანობით გამოირჩევა.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ვაქცინა შეძლებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ამ სასიკვდილო ვირუსისგან მილიონობით ადამიანის დაცვაში მთელ მსოფლიოში,“ – აცხადებს პანგალოსი.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …