გასულ დღე-ღამეში, ბოლო სამი თვის განმავლობაში ტესტირების მაქსიმალური დღიური რაოდენობა დაფიქსირდა და 60 753 ტესტი ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ჩატარებულ ტესტებს შორის იზრდება პისიარ-ტესტების წილი, თუმცა უმეტეს შემთხვევაში სწრაფი ტესტები კეთდება. გუშინ 26 661 პისიარ და 34 092 სწრაფი ტესტი ჩატარდა.
პისიარ ტესტებზე მოთხოვნა ომიკრონის შტამის ცირკულაციის გაძლიერებასთან ერთად გაიზარდა, რადგან სპეციალისტთა სულ უფრო დიდი ნაწილი აცხადებს, რომ არსებულ ტესტებს, განსაკუთრებით კი სწრაფ ტესტებს, ომიკრონით დაინფიცირებული ადამიანის ნაცხში კორონავირუსის დაფიქსირება უჭირს.
ნოერვებიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი ზაზა წერეთელი გამოდის ინიციატივით, სიმპტომების არსებობის პირობებში, კოვიდზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ადამიანები რამდენიმე დღით იზოლაციაში მაინც გადავიდნენ.
„გერმანიამ დააყენა კიდეც საკითხი, რომ სწრაფი ტესტები საერთოდ არ გამოიყენონ იმის გამო, რომ ეს ტესტი ხშირად ომიკრონს ვერ იჭერს და ძირითადა პისიარის პასუხებს დაელოდონ. მაგრამ აქ ერთი მომენიცაა – სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სჯობია ადამიანი იზოლაციაში გადავიდეს, რადგან იმის გამო, რომ ქვეყანაში ბევრი აუცრელი ადამიანია, ისინი შესაძლოა დაინფიცირდნენ. ამიტომ, სიმპტომების შემთხვევაში, რომც არ დადასტურდეს კოვიდი, სჯობს კონტაქტებისგან თავი შევიკავოთ,“ – განაცხადა ზაზა წერეთელმა.
იმის შესახებ, რომ არსებულ ტესტებს „ომიკრონის“ შტამის გამოვლენა უჭირს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძეც საუბრობს.
ამიტომ, ის მიმართავს მოქალაქეებს, თუ მათ კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდებათ, მაგრამ ტესტები დადებით პასუხს არ აჩვენებს, მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდდადებითები და დარჩნენ იზოლაციაში.
„მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ არცერთი ტესტი მსოფლიოში 100%-იანი არ არის. მაგრამ „ომიკრონის“ მიმართ კიდევ უფრო ნაკლებმგრძნობიარეა არსებული ტესტები, ვიდრე „დელტა“ შტამის მიმართ, განსაკუთრებით სწრაფი ტესტები და განსაკუთრებით პირველ დღეს, როცა ვირუსის კონცენტრაცია ორგანიზმში მაღალი არ არის. შესაძლებელია, რომ ტესტმა განსაკუთრებით სწრაფმა ტესტმა, ვირუსი ვერ დააფიქსიროს. PCR-ის შემთხვევაში ამის ალბათობა გაცილებით ნაკლებია. ამიტომ პაციენტებს ურჩევენ, რომ ტესტირება სიმპტომების გამოჩენიდან მეორე დღეს მოახდინონ და არა პირველივე დღეს. თუმცა, არის პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც ტესტი დადებითს ვერც მეორე და მესამე დღეს უჩვენებს, მაგრამ კოვიდის ჩვენებები არის. ამიტომ ასეთ პაციენტებს ვურჩევთ, რომ მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდიანები და ექიმებსაც მივმართავ, რომ მოექცნენ მათ ისე, როგორც კოვიდიანებს. ამით არაფერს დაკარგავს არც პაციენტი, არც ექიმი, თუ მას არ ექნება კოვიდი და მოვექცევით როგორც კოვიდიანს. ისინი უნდა დარჩნენ სახლში, იყვნენ იზოლაციაში თუ სიმპტომები აქვთ 8 დღე და შემდეგ კიდევ 5 დღე ატარონ პირბადე. თუ დამძიმდება პაციენტი და ჰოსპიტალში წაიყვანენ, თუნდაც კოვიდი არ ჰქონდეს, მერე რა? – ამითაც არაფერი შავდება, პირიქით, თუ ჩვენ ასეთ პაციენტს სერიოზულად არ ჩავთვლით, ვეტყვით, რომ მისი ტესტის პასუხი უარყოფითია და არ იფიქრო კოვიდზე, აქ შეიძლება დაზარალდეს პაციენტიც და შესაძლებელია დამძიმდეს კიდეც“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის აზრით, უმჯობესია, კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაცინტები და ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირები პირველივე ჯერზე PCR ტესტით შემოწმდნენ.
ინფექციონისტი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ასე უფრო მეტ თანხას დაზოგავს, რადგან ანტიგენის ტესტი ხშირ შემთხვევაში ვირუსს ვერ ავლენს და პაციენტს განმეორებით უწევს ამ შედეგის უკვე PCR ტესტით შემოწმება.
“სწრაფ ტესტთან დაკავშირებით ყოველთვის იყო პრობლემები და ცხადია, ახლაც არის. კერძოდ ის, რომ მისი მგრძნობელობა დაბალია; როდესაც PCR ტესტით ვამოწმებთ ხშირ შემთხვევაში ის ადასტურებს ვირუსს და ეს ნიშნავს იმას, რომ სწრაფმა ტესტმა “გააპარა”. ეს ეპიდემიოლოგიურად, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და სასურველია, პირდაპირ PCR ტესტი კეთდებოდეს მინიმუმ ამბულატორიულ ნაწილში. ჰოსპიტლებისთვის შეიძლება სწრაფი ტესტი მნიშვნელოვანი იყოს თუნდაც იმ სეგმენტისთვის, სადაც დადებითი პასუხი გამოჩნდება, რადგან საავადმყოფოში შემსვლელი პაციენტის შემთხვევაში სწრაფი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო კოვიდკლინიკაში უნდა შევიდეს თუ – არა. ამბულატორიულ პაციენტებზე მგონი უფრო ზარალიანი გამოდის. ზუსტად არ ვიცი, ეს ალბათ დასათვლელია. სიმპტომურ პაციენტებში იმდენ უარყოფით პასუხს აჩვენებს, რომ ეს შედეგი შემდეგ PCR ტესტით მაინც გადასამოწმებელია, ამიტომ სჯობს ამბულატორიულ პაციენტებში პირდაპირ PCR ტესტი გაკეთდეს. ალბათ ამ გადაწყვეტილებამდე ოდესმე მივლენ, როცა დათვლიან. ჩემი აზრით, უფრო მეტი ზარალია სახელმწიფოსთვის ჯერ ანტიგენის სწრაფი ტესტი და შემდეგ ცრუ უარყოფითი პასუხების PCR ტესტით გადამოწმება”, – ამბობს ბუწაშვილი.